9 ბრაზილიური სერიალი რომელსაც სამეზობლო ერთად უყურებდა

ეს პერსონა

სანამ ნეტფლიქსს, HBO-ს, FX-ს, ინდურ თუ თურქულ სერიალებს "ჩავუჯდებოდით",  ოჯახური საღამოების უცვლელი ნაწილი ბრაზილიური სერიალები გახლდათ. ბრაზილიის ულამაზესი ხედების, საინტერესო ისტორიებისა და მომხიბვლელი მსახიობების გარდა, მაყურებელს საშუალება ეძლეოდა, ყოველდღიური რუტინიდან, სრულიად უცხო, ვნებებით აღსავსე და ეგზოტიკურ სამყაროში გადაენაცვლებინა.

ერთად გავიხსენოთ ბრაზილიური სერიალები, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

 

#1 "ბედთან მებრძოლი"

წარმატებულ და დამოუკიდებელ მარიას წარსული არ ასვენებს. დიდი ხნის წინ, მას ქალიშვილი მოსტაცეს, რომელსაც  წლებია, ეძებს.

სერიალის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა. სტატია ეძღვნებოდა ქალს, რომელმაც 1986 წელს ბავშვი მოიტაცა და წლების განმავლობაში საკუთარი შვილივით ზრდიდა. 

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი სერიალის მთავარ „ბოროტმოქმედს“, მსახიობ რენატა სორას ერგო. მან  სამსახიობო ოსტატობისთვის უამრავი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ვისაც ამ სერიალის ნახვის ბედნიერება არ ჰქონია, ერთხელ მაინც წააწყდებოდა გიფს, სადაც დაბნეული ქალის გარშემო მათემატიკური ფორმულები ჩნდება. მიმი სწორედ ამ სერიალიდანაა აღებული.

 

#2 "ბაბილონის გოდოლი"

 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ,  ჟოზე კლემენტინო გადაწყვეტს, შური იძიოს  ყოფილ უფროსზე, რომლის ჩვენებების გამოც ის ციხეში აღმოჩნდა. ამისთვის ჟოზე სავაჭრო ცენტრ Tropical Towers-ის აფეთქებას გადაწყვეტს.

ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი სერიალის სიუჟეტი, ბაბილონის გოდოლის შესახებ არსებულ ლეგენდას ეყრდნობა.

სერიალში ორმა წყვილმა ითამაშა: გლორია მენეზესმა და ტარსიზიო მეირამ, ასევე ედსონ სელულარიმ და კლაუდია რაიამ.

 

#3 "ოჯახური ურთიერთობები"

შეუძლებელია ამ სიაში არ ჩაგვესვა „ოჯახური ურთიერთობები“, რადგანაც ელენას, ედუსა და კამილას სასიყვარულო სამკუთხედი ფართო განხილვის საგანი იყო. თუკი დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ ელენა და კამილა დედა-შვილი იყვნენ, რომლებსაც ახალგაზრდა ექიმი- ედუ შეუყვარდათ. 

ტელენოველაში მთავარ როლებს ვერა ფიშერი, რეინალდო ჯიანეჩინი, კაროლინა დიკმანი, ჯონავა ანტონელი, დებორა სეკუ, ჟოზე მაიერი, ლილია კაბრალი და სხვები ასრულებდნენ.

 

#4 "კლონი"

უსიყვარულოდ გათხოვილი, მაჰმადიანი ჰადესა და ბრაზილიელი ლუკასის სასიყვარულო თავგადასავალს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. სერიალი მოიცავდა ისეთ თემებს,  როგორებიცაა - კლონირება, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ქალთა უფლებები, მუსლიმთა ჩვეულებები და ტრადიციები და ა.შ.

სერიალი იმდენად პოპულარული იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებლებს- ჯოვანა ანტონელის, მაურილიო ბენისიოს, ვერა ფიშერს, დებორა ფალაბელასა და სხვებს, ფაქტობრივად ყველა იცნობდა.

 

#5 "სასტიკი ანგელოზი"

საქართველოში პოპულარული სერიალი, სადაც მთავარ როლს გლორია პირესი ასრულებს,  1976 წლის ტელენოველის რიმეიქი აღმოჩნდა. თავდაპირველ ვერსიაში მებრძოლი, ამბიციური ნისი, მშობიარობის შემდეგ იღუპება. რიმეიქის შემთხვევაში, ფინალი მეტად პოზიტიურია,  რამაც სავარაუდოდ, სერიალის წარმატება განაპირობა.

სერიალში გლორია პირესის გარდა, ალესანდრო ნეგრინი, ტაის არაუჟო, ლილია კაბრალი და სხვები მონაწილეობენ.

 

#6 "ტროპიკელი ქარის საიდუმლო"

და მორიგი რიმეიქიც.  გაგიკვირდებათ, მაგრამ აქაც მთავარ როლს გლორია პირესი ასრულებს.

სერიალი ტყუპ დებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ერთი მამაკაცი შეუყვარდებათ. თუმცა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად დასრულდება და სიყვარული სამყაროს გადაარჩენს.

გლორია პირესთან ერთად სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ: მარკოს ფროტა, სუზანა ვიეირა, რაულ კორტესი, ნისეტე ბრუნო და ა.შ.

 

#7 "ბელისიმა"

„ბელისიმას“ ყურებისას ნამდვილად ვერ მოიწყენდით, რადგან სერიალი დრამის, დეტექტივისა და კომედიის კარგ ნაზავს წარმოადგენს. არცაა გასაკვირი, რომ ტელენოველამ თავის დროზე ბევრი ადამიანი ეკრანებს მიაჯაჭვა. 

სერიალში მთავარ როლებს ასრულებდნენ გლორია პირესი, კლაუდია აბრეუ, ფერნანდა მონტენეგრო, ტონი რამოსი, მარსელო ანტონი, კლაუდია რაია და სხვები.

 

#8 "ინდოეთის გზები" (იქ, სადაც უყვართ)

„ინდოეთის გზები“ ერთ-ერთი ბოლო ბრაზილიური ტელეჰიტი იყო ქართულ ტელესივრცეში. "კლონის" მსგავსად,  ტელენოველის სიუჟეტი აგებულია დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა შორის არსებულ განსხვავებებზე.

სერიალში მთავარ როლებს ჟულიანა პაესი, მარსიო გარსია, ლეტიცია საბატელა, ტონი რამოსი, როდრიგო ლომბარდი და სხვები თამაშობენ.

 

#9  "მორიგი მსხვერპლი"

კიდევ ერთი პოპულარული სერიალი, რომელიც  აგატა კრისტის დეტექტიურ რომანს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე სტანდარტულ ტელენოველას.

უამრავ კომპანიას სურდა სერიალის შესყიდვა, თუმცა მათ არსებული ფინალი არ მოსწონდათ. საბოლოოდ,  სპეციალურად ევროპელი მაყურებლებისთვის, ავტორებმა ფინალი ხელახლა გადაიღეს, სადაც მკვლელის ვინაობა შეცვალეს. ტელენოველაში თამაშობდნენ სუზანა ვიეირა, ტონი რამოსი, ჟოზე ვილკერი, ლიმა დუარტე და ა.შ.

2
4
0
2
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top