ებრაულმა სამყარომ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე აღნიშნა

ეს პერსონა

21 აპრილს, ებრაულმა სამყარომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ევროპელ ებრაელთა წინააღმდეგობის დღე (ებრაულად, იომ-ა-შოა) აღნიშნა. ამ დღეს ნაცისტური რეჟიმის მიერ მოკლულ 6 მილიონ ებრაელს, მათ შორის 1 მილიონი ბავშვს იხსენებენ.

ებრაელთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევა 1943 წლის 19 აპრილის ვარშავის გეტოს აჯანყება. რამდენიმეკვირიანი ბრძოლა გერმანელთა მიერ ცუდად შეიარაღებული ებრაელი ტყვეების დახოცვით დასრულდა.


"სიცოცხლის მარში"; ოსვენციმი, პოლონეთი; 2014 წელი

იომ-ა-შოას აღნიშვნა ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პრემიერ-მინისტრის, დავიდ ბენ-გურიონის ინიციატივა იყო. ხსოვნისა და გლოვის ეროვნული დღე 1951 წელს დაწესდა და ებრაული კალენდრით 27 ნისანს აღინიშნება.
ყველა ღონისძიება წინა დღით, მზის ჩასვლის შემდეგ იწყება.  მთავარი ცერემონია იერუსალიმში, მემორიალურ მუზეუმში „იად-ვა-შემში“ იმართება. ჩვეულებრისამებრ ღონისძიებას ესწრებიან ისრაელის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მაღალჩინოსნები, ჰოლოკოსტს გადარჩენილი მოქალაქეები და მათი ოჯახები.

ცერემონიის დროს ჰოლოკოსტს გადარჩენილები 6 მილიონი მოკლული ებრაელის ხსოვნისათვის 6 ჩირაღდანს ანთებენ.

მომდევნო დღეს, დილის 10 საათზე მთელ ისრაელში სამგლოვიარო ორწუთიანი სირენა ისმის. ამ დროს წყდება ყველანაირი საქმიანობა, ჩერდება სამსახურები, ტრასნპორტის მოძრაობა, ყველა მოქალაქე დგება სრულ სიჩუმეში და ასე პატივს მიაგებს ნაცისტური გერმანიის მიერ დაღუპულთა ხსოვნას.

იომ-ა-შოას დღეს ყველა სახის გასართობი ღონისძიება იკრძალება.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელში იომ-ა-შოასთან დაკავშირებული ყველა საჯარო ღონისძიება გააუქმეს, ხოლო ცერემონიათა უდიდესი ნაწილი სტუმრების გარეშე, შემოკლებულ ფორმატში გაიმართა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაახლოებით 10 წლის წინ ისრაელში  შემდეგი ტრადიცია „ზიკარონ ბასალონი“ გაჩნდა. ადამიანთა ჯგუფი სასტუმრო ოთახში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხალხის ისტორიების მოსასმენად იკრიბება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top