11 სკანდალური ქალი მსოფლიოს ისტორიაში

ეს პერსონა

ისტორია ქალებს, რომლებმაც სახელი გაითქვეს და ძალაუფლებისკენ გზა გაიკაფეს, ხშირად „საბედისწერო“ ქალებად ნათლავს. ხშირად მეფის საყვარლისა თუ მაცდური კურტიზანი ქალის უკან გამჭრიახი, გამბედავი, რთული და საინტერესო პიროვნება იმალებოდა.

#1 აგრიპინა (უმცროსი) თავის ღვიძლ ბიძას გაჰყვა ცოლად

პრივილეგირებული დინასტიის ქალიშვილი რომის 5 იმპერატორს ენათესავებოდა: ის იყო იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის შვილიშვილი.  მამამისი, გერმანიკუსი იყო იმპერატორ ტიბერიუსის ძმა, ანუ აგრიპინას ბიძა, იმპერატორი კალიგულა იყო ქალის ღვიძლი ძმა, ხოლო ნერონი - მისი შვილი. თუმცა იმპერატორთა დინასტიასთან ნათესაობის მიუხედავად, აგრიპინას არ მოსწონდა დიდგვაროვანი ქალებისთვის განკუთვნილი მოკრძალებული როლი.

აგრიპინას ცხოვრება სავსე იყო დრამითა და ინტრიგებით. ჩვ. წ. 39 წელს საკუთარი ძმის, კალიგულას წინააღმდეგ შეთქმულების გამო ის პონციანის კუნძულებზე გადაასახლეს. საბედისწერო და შეუბრალებელი ქალის სახელი აგრიპინას 10 წლის შემდეგ განუმტკიცდა, როცა მან შეაცდინა ღვიძლი ბიძა, ახალი იმპერატორი კლავდიუსი და მისი ცოლი გახდა. რომაული სტანდარტების მიხედვითაც ეს კავშირი ინცესტად ითვლებოდა.

აგრიპინამ დაარწმუნა იმპერატორი, საკუთარი ვაჟი წინა ქორწინებიდან, სახელად ნერონი, მემკვიდრედ დაესახელებინა. ჩვ. წ. 54 წელს კლავდიუსი გარდაიცვალა და ეჭვოდბნენ, რომ ამ სიკვდილის უკან სწორედ აგრიპინა იდგა. ახალმა იმპერატორმა ნერონმა მალევე დედის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.


#2 მედეა დაეხმარა არგონავტებს კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოპარვაში

ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის უმცროსი შვილი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქალის სახელითაა ცნობილი. ლეგენდის თანახმად, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში.

მითის ერთ-ერთი ვერსიით, შეყვარებულები საბერძნეთში ჩავიდნენ, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა გადაწყვიტა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე მოკლა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.

ძველი საბერძნეთის უდიდესტი ტრაგიკოსი ევრიპიდე წერს, რომ მედეამ შვილები დახოცა, რათა იასონზე შური ეძია. 

კორინთოდან გაქცევის შემდეგ მედეა ეგეოსის ცოლი ხდება. მას მოიხსენიებენ ”მსოფლიოს უდიდეს ჯადოქრად”, ექიმად, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლედ, მედიცინის დედამთავარად.


#3 ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კურტიზანი ქალი თავის საყვარლებს აშანტაჟებდა

ჰარიეტ უილსონი ინგლისში ჯორჯ IV-ის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კურტიზანი ქალი იყო. მოღვაწეობა მან 15 წლის ასაკში დაიწყო და მალევე გახდა ლონდონის მაღალი საზოგადოების წევრი.

უილსონს საყვარლების შთამბეჭდავი სია ჰქონდა, რომელშიც შედიოდნენ პრემიერ-მინისტრები, ომის გმირები, სამეფო ოჯახის წევრები, ველინგტონის ჰერცოგი, ჯორჯ IV, ლორდი კენინგი და ლორდი პალმერსონი.

1820-იან წლებში, როცა უილსონს რთული პერიოდი დაუდგა, მან ფულის სანაცვლოდ გავლენიანი ყოფილი საყვარლების დაშანტაჟება დაიწყო. თუკი ისინი უილსონს არ გადაუხდიდნენ, მათი სახელები კურტიზანი ქალის მემუარებში იქნებოდა დასახელებული.


#4 აგნეს სორელი მუდამ ერთი მოშიშვლებული მკერდით დადიოდა

საფრანგეთის მეფის, შარლ VII-ის საყვარელი, აგნეს სორელი სამეფო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა, რის გამოც უამრავი მტერი გაუჩნდა. თუმცა თვითონ აგნესსაც უყვარდა ხალხის გაღიზიანება თავისი პროვოკაციული ჩაცმის სტილით - კაბებს ისე იცვამდა, რომ ერთი მკერდი გადმოგდებული ჰქონდა.

შეყვარებულმა შარლმა სორელს მიწები, პირადი რეზიდენცია და უამრავი სამაჯური აჩუქა. ქალი მეფის სიმპატიებს საკუთარი ოჯახის ინტერესების გასატარებლად იყენებდა, თუმცა მისი ბრწყინვალე ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. 28 წლის ასაკში ის ვერცხლისწყლით მოიწამლა და გარდაიცვალა, რაც შესაძლოა, მოწყობილიც ყოფილიყო.


#5 რუსუდანმა ძმისშვილი რუმის სულთანთან გაგზავნა, რათა ტახტის შესაძლო მემკვიდრე თავიდან მოეშორებინა

ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი და რუსუდანი ავიდა. რუსუდანის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი სამეფო კარის ინტრიგები გახდა. მას არ სურდა, რომ გიორგი IV-ის შვილი დავითი, შემდეგში დავით VII ულუ ტახტზე ასულიყო. 1236/1237 წელს რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.


#6 დათვის მწვრთნელის ქალიშვილი ბიზანტიის დედოფალი გახდა

ჯერ კიდევ ბუნდოვანია ბიზანტიის დედოფლის, დათვის მწვრთნელისა და მსახიობის ქალიშვილის, თეოდორას ცხოვრების დეტალები 20 წლამდე, მაგრამ ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ამ პერიოდში მან მოასწრო, ყოფილიყო კურტიზანი ქალი, მსახიობი და ქრისტიანი ასკეტი.

ჩვ. წ. 522 წელს თეოდორა და ბიზანტიის მომავალი იმპერატორი იუსტინიანე ერთმანეთს შეხვდნენ. მათი დაქორწინება დაუშვებელი იყო, ამიტომ შეყვარებულმა იუსტინიანემ კანონი შეცვალა, ხოლო 527 წელს ტახტზე თეოდორასთან ერთად ავიდა.

თეოდორა მისი ქმრის ყველაზე სანდო მრჩეველი იყო და ის იყენებდა თავის პოზიციას საკუთარი ინტერესებისთვის, მაგალითად, ქალებისა და ბავშვების დასაცავად. ბოროტი ენები მას „ქრისტიანული სამყაროს მეძავს“ ეძახდნენ, თუმცა შემდგომში თეოდორა წმინდანად შერაცხეს.


#7 კლეოპატრა საკუთარი სამეფოს დასაცავად გავლენიან კაცებს აცდუნებდა

კლეოპატრა წარმოდგენილია, როგორც საბედისწერო ქალი, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო, რომლის მთავარი მიზანი ეგვიპტის ავტონომიის შენარჩუნება გახლდათ. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომაელებთან რაც შეიძლება მეგობრული კავშირები დაემყარებინა.

თავდაპირველად კლეოპატრა იულიუს კეისრის საყვარელი იყო და ვაჟიც გაუჩინა. კეისრის მოკვლის შემდეგ კლეოპატრა დიდი რომაელი მხედარმთავრის, მარკუს ანტონიუსის საყვარელი, ხოლო შემდგომში ცოლი გახდა. მათ სამი შვილი ეყოლათ. თუმცა მათმა კავშირმა ვერ დაიცვა ეგვიპტე რომისგან. ანტონიუსი კეისრის შთამომავალთან, ოქტავიანე ავგუსტუსთან ბრძოლაში დამარცხდა, რასაც მოჰყვა რომის იმპერიის მიერ ეგვიპტის ანექსია. კლეოპატრამ თავი მოიკლა რათა ავგუსტუსის ტყვე არ გამხდარიყო.


#8 დავით აღმაშენებლის მამიდამ ბიზანტიის იმპერიაში სამი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო

მარიამ ალანელი (მართა) ბაგრატ IV-ისა და დედოფალ ბორენა ალანელის ქალიშვილი, აგრეთვე, დავით IV აღმაშენებლის მამიდა. მას ბიზანტიის იმპერიაში უკავშირდება სამი სახელმწიფო გადატრიალება, რის გამოც ის XI საუკუნის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევენ.

მარიამი 1065 წელს, ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X-ის ვაჟ მიხეილს, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი. მარიამის შთაგონებით, მიხეილმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და 1071 წელს იმპერატორი გახდა, ხოლო მარიამი ბიზანტიის დედოფალი.

ტახტზე ასვლიდან შვიდ წელიწადში, მარიამის შთაგონებით კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ტახტზე ნიკიფორე III ავიდა. მარიამი ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად, მიხეილი კი მონასტერში გამოკეტეს. მარიამი მასზე ქორწინებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ იგი მის ვაჟს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, თუმცა ნიკიფორემ სიტყვა გატეხა, რის გამოც დედოფალმა მხარი დაუჭირა ძმებ კომნენოსებს, რომლებმაც მარიამთან ერთად კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.

1081 წელს მათ დაამხეს ნიკიფორე III-ის მეფობა და ტახტზე ალექსი კომნენოსი ავიდა და თანამმართველად მარიამის შვილი დანიშნა. 

დედოფალს შვილის ტახტზე აყვანა სურდა, მაგრამ მისი ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარიამი ჩამოსცილდა პოლიტიკასა და ინტრიგებს.


#9 დიანა დე პუატიემ საფრანგეთის დედოფალი დაჩრდილა

მე-16 საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მოდური ქალი დიანა დე პუატიე მასზე 20 წლით უმცროს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ანრის ჩაუვარდა გულში. სწორედ დიანა გახდა უკვე მეფე ანრი II-ს ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მეგზური.

მეფესთან ურთიერთობით დიანა დე პუატიემ დიდი გავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, იმდენად, რომ მან დედოფალი ეკატერინე დე მედიჩიც კი დაჩრდილა. საფრანგეთის მეფე მას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა, მაგალითად, ორი დიდი სასახლით.

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მეფის გარდაცვალების შემდეგ. მეფის ქვრივმა, ეკატერინა დე მედიჩიმ დიანა იმდენად მძიმე სიტუაციაში ჩააყენა, რომ ქალს ანრის ნაჩუქარი სასახლეების ყიდვა მოუწია. დე პუატიე ანრი II-ზე 15 წლით მეტი იცოცხლა. მეცნიერებისა და ისტორიკოსთა ვარაუდით, მისი სიკვდილი გამოიწვია იმან, რომ დიანა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ოქროს სვამდა.


#10 ამერიკელმა უოლის სიმპსონმა მეფე ედუარდ VIII-ს დიდი ბრიტანეთის ტახტზე უარი ათქმევინა

1936 წელს, ჯორჯ V-ის სიკვდილის შემდეგ, ბრიტანეთის ტახტზე ედუარდ VIII ავიდა. ამავდროულად ის ამერიკელ ქალს, უოლის სიმპსონს ხვდებოდა, რომელიც ორჯერ იყო განქორწინებული. იმის გამო, რომ ედუარდს პლეიბოის სახელი ჰქონდა გავარდნილი, სამეფო ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ეს რომანიც ხანმოკლე იქნებოდა.

თუმცა, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. ედუარდი მიხვდა, რომ სიმპსონის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებდა, ხოლო იმის გამო, რომ მისი შეყვარებული განქორწინებული იყო, თანაც ამერიკელი, მათ კავშირს ბრიტანული საზოგადოება ვერ მიიღებდა. შესაბამისად, მან ტახტს საყვარელი ქალი არჩია, რის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდის ძმა, ჯორჯ VI გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიმპსონი არ ელტვოდა ტიტულებისკენ, ედუარდზე დაქორწინების შემდეგ ის უინძორის ჰერცოგინია გახდა.


#11 ბენიტო მუსოლინის ბოლო საყვარელი ფაშისტურ იტალიაში განსაკუთრებული დაცვით სარგებლობდა

ფაშისტ დიქტატორს, ბენიტო მუსოლინს საშინელი მექალთანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა, მხოლოდ ერთი ქალი ბოლომდე იყო იტალიელი მმართველის ერთგული.

კლარა პეტაჩის მამა ვატიკანში ექიმად მუშაობდა. კლარა 19 წლის იყო, როცა მუსოლინის საყვარელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენიტო მუსოლინს ცოლი და 5 შვილი ჰყავდა, ის იყო უიმედოდ შეყვარებული საკუთარ ახალგაზრდა საყვარელზე. კლარაც სარგებლობდა დუჩეს კეთილგანწყობით. მუსოლინიმ მისთვის მცველები და მძღოლი დაიქირავა და Palazzo Venezia-ში მდებარე ოფისში დააბინავა.

შეყვარებულთა იდილიური ცხოვრება 1945 წლის აპრილში დასრულდა. წყვილმა ქვეყნიდან გაქცევა სცადა, თუმცა ისინი დაიჭირეს, სიკვდილით დასაჯეს და თავდაყირა დაკიდეს მილანში. პეტაჩის მემუარები, სადაც ის დეტალურად აღწერდა მუსოლინისთან რომანს, 2009 წელს წიგნის სახით გამოიცა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top