რას უყურებენ რეჟისორები კარანტინში? - დეივიდ ლინჩის TOP 10 ფილმი

ეს პერსონა

კარანტინის ჟამს, როცა თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა უწევს, მოწყენა ძალიან მარტივია. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. "ეS პერსონა" ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ დეივიდ ლინჩის 10 საყვარელ ფილმს. გვერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს  აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.
#დარჩისახლში

#1 ფედერიკო ფელინის 8½ (1963)

იტალიელ რეჟისორს, გუიდო ანსელმის (მარჩელო მასტროიანი) შემოქმედებითი კრიზისი მაშინ ეწყება, როცა ის ახალი ფილმის გადაღებაზე იწყებს მუშაობას. რეჟისორი საკუთარ ფიქრებში იწყებს მოგზაურობას, რომლებიც ძირითადად ძველ და ახალ სასიყვარულო ისტორიებს მოიცავს. ჩახლართული ოდისეები რეჟისორს ფილმის გადაღებაში ეხმარება, თუმცა  ნელ-ნელა იაზრებს, რომ მისი ნამუშევარი ავტობიოგრაფიული  გამოდის. 


#2 ბილი უაილდერის "სანსეტ ბულვარი"/ Sunset Blvd. (1950)

უხმო კინოს დედოფალ ნორმა დესმონდს (გლორია სუანსონი) უჭირს იმის გაცნობიერება, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ამიტომ, ნორმა ახალგაზრდა სცენარისტს ქირაობს, რათა  კინოში ტრიუმფალურად დაბრუნდეს. სცენარისტი საკმარისად თავდაჯერებულია იმისთვის, რომ სცადოს კინო-ვარსკვლავით მანიპულირება, თუმცა ის მალევე მიხვდება, რომ  გეგმა ფიასკოსთვისაა განწირული. ქალს უჩნდება მანიაკალური სურვილი, გააგრძელოს ახალგაზრდა მწერალთან ურთიერთობა, რაც სიგიჟემდე, ძალადობამდე და სიკვდილამდე მიდის. 


#3 ჟაკ ტატის “ბატონი იოლოს არდადეგები”/ M. Hulot’s Holiday (1953) 

ბატონი იოლო (ჟაკ ტატი) გადაწყვეტს, რომ დასასვენებლად საზღვაო კურორტისკენ გაეშუროს. თუმცა, მისი სულიერი სიმშვიდე და კომფორტი დიდი ხანი არ გაგრძელდება. საკუთარი თავის გასახარებლად გამგზავრებული იოლო უამრავ გაუგებრობაში ეხვევა. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ბატონი იოლო სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებსა და ტურისტებს ხვდება და ყოვლად გასაოცარ ჩოგბურთის მატჩში იღებს მონაწილეობას.  


#4 ალფრედ ჰიჩკოკის “ეზოში გამავალი ფანჯარა”/ The Rear Window (1954) 

ამბავი ფეხ-მოტეხილ ფოტოგრაფზეა (ჯეიმზ სტიუარტი), რომელიც უსაქმურობის დროს, ფოტოაპარატის უშველებელი ლინზით მეზობლების ფანჯრებს ათვალიერებს. ერთ-ერთ განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის დღეს, პროტაგონისტი მუდმივი კონფლიქტის მქონე წყვილის ფანჯარაში ძალიან უცნაურ სცენას შენიშნავს და გადაწყეტს, რომ ის მკვლელობის თვითმხილველი გახდა. გამოძიებაში მას შეყვარებული (გრეის კელი) და მასაჟისტი (თელმა რიტერი) ეხმარებიან.


#5 ნორმან მაკლეოდის “ეს საჩუქარია!”/ It’s a Gift (1934) 

ჰაროლდ ბიზონეტი (უილიამ კლოდ ფილდსი) პროვინციული ქალაქის პროდუქტების მაღაზიის მფლობელია. მჩაგვრელი ცოლის ქმარი და ორი ბავშვის მამაა. არც მისი პროდუქტების მყიდველები გამოირჩევიან განსაკუთრებული აღზრდითა თუ ტაქტით. როცა პროტაგონისტს, კალიფორნიაში ფორთოხლის მინდვრების ყიდვის შანსი ეძლევა, ის მაშინვე მთელი ქვეყნის გავლით ახალი საკუთრებისკენ მიეშურება, რომელიც სამწუხაროდ არ აღმოჩნდება ის რაც ბიზონეტს თავიდან ეგონა. 


#6 ბილი უაილდერის “ბინა”/ The Apartament (1960)

სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი ბაქსტერი (ჯეკ ლემონი) თავის ბინას, კომპანიის უფროსებზე აქირავებს, იმისთვის, რომ მათ საყვარლებთან ერთად რომანტიული საღამოები გაატარონ. როცა ბატონი შელდრეიკი (ფრედ მაქმიურეი) ბაქსტერის დაწინაურებას, მისი ბინის გამოყენების ხარჯზე იწყებს, ბაქსტერი იგებს, რომ შელდრეიკის საყვარელი ფრან კუბელიკია (შირლი მაკლეინი), სადარბაზოში მომუშავე გოგონა, რომელიც ბაქსტერს დიდი ხანია მოსწონს. ბაქსტერი დილემის წინაშე დგება - ან საყვარელი ქალი, ან კარიერა უნდა აირჩიოს. 


#7 ფედერიკო ფელინის “გზა”/ La Strada (1954) 

ჯელსომინა (ჯულიეტა მაზინა) ახალგაზრდა, გულუბრყვილო გოგონაა, რომელსაც დედა ცირკში მომუშავე ტრიუკების შემსრულებელ ზამპანოზე (ენთონი ქუინი) ათხოვებს და ამაში თანხასაც იღებს. ასე ჯელსომინა მოგზაურ ცირკში იწყებს ცხოვრებას და მუშაობას. დიდი მოთმინებით იტანს ქმრისგან ძალადობასა და საცივეს. ნელ-ნელა ზამპანო ეჭვიანობას იწყებს, რადგან ხედავს, რომ ჯელსომინა ცირკის ჯამბაზ ილ მატოს დაუმეგობრდა. მთავარი გმირიც დილემის წინაშე დგება - სასწორის ერთ მხარეს ილ მატოს სულიერი მეგობრობაა, მეორე მხარეს კი, თავისი ღირსება.


#8 სტენლი კუბრიკის “ლოლიტა”/ Lolita (1962)

ეს ფილმი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ნაწარმოების, ვლადიმერ ნაბოკოვის “ლოლიტას” (1955) მიხედვით არის გადაღებული. ამბავს მთავარი გმირი ჰუმბერტ ჰუმბერტი (ჯეიმს მეისონი) გვიყვება, რომეილიც ლიტერატურის 40 წელს მიახლოებული პროფესორია. ის ქვრივ შარლოტ ჰეიზის (შელი უინტერსი) სახლში ოთახს ქირაობს. ჰუმბერტი და შარლოტა მალე ქორწინდებიან, თუმცა მათი შეუღლების მიზეზი, სიყვარულის ნაცვლად ჰუმბერტის ობსესიაა - გმირს ძალიან იზიდავს შარლოტას 12 წლის ქალიშვილი ლოლიტა (ლიუ ლიონი). ფორტუნაც, როგორც აღმოჩნდება ჰუმბერტის მხარეს არის. შარლოტას უეცარი სიკვდილის შემდეგ, მოზარდი ლოლიტა ჰუმბერტთან რჩება. ასე იწყება ძალადობით, ავადმყოფობითა და ჭუჭყით, თუმცა სიყვარულითაც აღსავსე ამბავი.  


#9 ვიქტორ ფლემინგის, ჯორჯ კიუკორის და მერვინ ლეროის “ოზის ჯადოქარი” (1939) 

ლინჩის სიაში კიდევ ერთი ლიტერატურით ინსპირირებული ფილმი მოხვდა. ამჯერად ეს ფრენკ ბაუმის საბავშვო წიგნის “ოზის საოცარი ჯადოქრის” მიხედვით გადაღებული ფილმია. ამბავი კანზასელ გოგონა დოროთიზე (ჯუდი გარლენდი) და მის პატარა ძაღლ ტოტოზეა, რომლებსაც საშინელი ქარიშხალი სახლიდან ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში გადააგდებს. ისინი ყვითელი აგურის გზას გაუყვებიან, რათა ჯადოქარი იპოვონ, რომელსაც მათი სახლში დაბრუნება შეუძლია. გზად დოროთი და ტოტო საფრთხობელას (რომელსაც აკლია ტვინი), ლომსა (რომელსაც აკლია სიმამაცე) და რკინის შეშისმჭრელს (რომელსაც აკლია გული) იცნობენ. ხუთ მეგობარს, ჯადოქარი, დასავლეთის ბოროტი ალქაჯის ცოცხის მოტანას სთხოვს რის სანაცვლოდაც ის ყველას ოცნებას აუსრულებს. 


#10 ვერნერ ჰერცოგის “სტროშეკი”/ Stroszek (1977) 

ბრუნო სტროშეკი (ბრონო ს.) ქუჩის მუსიკოსია, რომელსაც ადგილობრივ ავაზაკებთან პრობლემების მქონე მეძავი (ევა მატესი) უყვარდება. წყვილს არაფერი აქვს დასაკარგი და ისინი ცხოვრების აშშ-ში გაგრძელებას გადაწყვეტენ. მათ მეზობელ შეიტზთან ერთად (კლემეს შეიტზი), რომლის ამერიკელი ძმისშვილიც ვისკონსინში ცხოვრობს. ყველაფერი კარგად მიდის, სანამ სტროშეკს საყვარელ ჩიტ ბეოს არ ჩამოართმევენ. ამ ამბის შემდეგ პროტაგონისტი კულტურული შოკისა და სუარეალური რეალობის წინაშე დგება, რომელიც ამერიკული ოცნების უკან იმალება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top