შეთქმულების თეორიები, რომლებიც კორონავირუსთან ერთად ვრცელდება

ეს პერსონა

კონსპიროლოგებისთვის კორონავირუსული ინფექციის პანდემია,  ძველი და ახალი შეთქმულების თეორიების  განხილვის საფუძველი გახდა. სულ უფრო  ხშირად საუბრობენ მასონებზე, ჩრდილოვან მთავრობაზე, მასობრივ ჩიპიზაციაზე, და... ბილ გეითსზე.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს, ვირუსის წარმოშობის შესახებ:

#1 Covid-19 ჩინელებმა შექმნეს

Covid-19 ჩინეთის მთავრობის დაკვეთით შეიქმნა  - ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიაა კორონავირუსის წარმოქმნის და გავრცელების შესახებ, რომლის თანახმადაც, ჩინეთმა ვირუსი გამოიყენა  როგორც  ბიოლოგიური იარაღი. ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნულ თეორიის შინაარსს პირდაპირი მნიშვნელობით დასცინის.  მავანთა აზრით, ამგვარი იარაღის არსებობა უმნიშვნელოა, რადგან Covid-19 ყოველთვის არ იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ გართულებებს. არსებობს ბევრად უფრო საშიში პათოგენები, მაგალითად ებოლა, ლასსას ციებ-ცხელება, ან კონგო-ყირიმული ჰემორაგიული ციებ-ცხელება, რომელთა შემთხვევებშიც  სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-დან 50 პროცენტამდეა.

საუბრობენ იმაზეც, რომ ჩინეთის ლაბორატორიაში ცდებს ატარებდნენ, რა დროსაც პროტოკოლის დარღვევის გამო, ვირუსმა დაწესებულებიდან "გააღწია".


#2 Covid-19 ამერიკელებმა შექმნეს

ერთ-ერთი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, ვირუსი  შეერთებული შტატების მთავრობის ბრძანებით შეიქმნა, მიზანი კი  ჩინეთის ეკონომიკის განადგურებაა. ამავე ვერსიის თანახმად,  კორონავირუსის გამავრცელებლები  აშშ-ს სამხედროები იყვნენ, რომლებიც ჩინეთში, 2019 წლის ოქტომბერში ჩავიდნენ .

სამართლიანობისთვის   უნდა ითქვას, რომ Covid-19  ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას...


#3 კორონავირუსი და ბილ გეითსი

ბევრი კონსპიროლოგი ირწმუნება, რომ  COVID-19 მისივე ვაქცინების გაყიდვის მიზნით, დიდი ბრიტანეთის პირბრაიტის ინსტიტუტში შეიქმნა. მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიტომ დააფინანსა ბილ გეითსმა პოტენციური ვაქცინების კვლევები.

გეითსის მიმართ გამოთქმული ბრალდების კიდევ ერთი მიზეზი 2015 წელს გადაღებული ვიდეო გახდა, სადაც Microsoft–ის დამფუძნებელი ვირუსზე, როგორც კაცობრიობის მთავარ საშიშროებაზე საუბრობს და აღნიშნავს რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ეპიდემიისთვის უნდა მოემზადოს.

თუმცა, ექსპერტები კორონავირუსის ვაქცინის შექმნას  მომდევნო წლისთვის ვარაუდობენ, მეტიც -  ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვაქცინის გამოგონებას წლებიც კი შეიძლება დასჭირდეს.


#4  კორონავურუსი და 5G 
ჯანმრთელობაზე 5G ტექნოლოგიის უარყოფითი გავლენის შესახებ, რამდენიმე წელია რაც აქტიურად საუბრობენ. თავდაპირველად, კონსპიროლოგები თვლიდნენ, რომ 5G იწვევს კიბოს, მაგრამ ეპიდემიის დაწყებისთანავე, მათ ყურადღება კორონავირუსზე გადაიტანეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კონსპირაციული თეორია, რომლის თანახმადაც,  ადამიანი ავადდება არა კოროვირუსით, არამედ 5G ფიჭური ანძების მავნე ზემოქმედებისაგან. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ  ადამიანის სისხლში "5G რადიაციის" გამო, ჟანგბადის მოლეკულები ვერ უერთდება ჰემოგლობინს. აღნიშნული კი იწვევს ჰიპოქსიას, რაც კორონავირუსის სიმპტომებში ერევათ.

სხვა ვერსიით 5G-ს ანძები ასხივებენ რადიოტალღებს, რაც  თრგუნავს იმუნიტეტს, ამიტომ ორგანიზმის კორონავირუსით ინფიცირების რისკი იზრდება. 

ზემოთაღნიშნული თეორიების გამო,  3 აპრილს დიდ ბრიტანეთში  რამოდენიმე 5G ფიჭურ ანძას ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციისთვის, მეცნიერები,  5G სიხშირეს ჯანმრთელობისთვის უვნებლად მიიჩნევენ. გარდა ამისა, კორონავირუსი გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის 5G ქსელი, მაგალითად, ირანში.


#5 კორონავირუსი "სიმფსონებმა" იწინასწარმეტყველეს
 
ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ კორონავირუსი "სიმფსონების" 1993 წელს გამოსული მეოთხე სეზონის 21-ე ეპიზოდშია ნაწინასწარმეტყველები. 


#6 კორონავირუსი კოსმოსიდან "მოფრინდა"
ბრიტანელი მეცნიერის და  პროფესორის,  ჩანდრა ვიკრამინშენის განცხადებით, კორონავირუსი დედამიწაზე კოსმოსიდან შემოიჭრა. 

სხვა მეცნიერები აღნიშნულ თეორიას არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ ამ პერიოდში მეტეორი (როგორც შესაძლო "შემომტანი") მიწაზე არ დაცემულა. ამასთან, მეტეორები, რომლებიც არ იწვიან ატმოსფეროში, მიწის ზედაპირთან შეხებისას შესაძლოა 650 ° C ტემპერატურამდეც კი გაცხელდეს. ეს კი  საკმარისზე მეტია კორონავირუსის მოსაკლავად.


#7 კორონავირუსი და ახალი მსოფლიო წესრიგი

არსებობს თეორია, რომ კორონავირუსი გარკვეული ჯგუფის მიერ  ხელოვნურად შეიქმნა, მიზანი კი ეკონომიკური ან პოლიტიკური დომინირებაა. ამავე თეორიის თანახმად, "მსოფლიო მთავრობის" მიზანია მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობა, ტოტალური კონტროლი და ამ გზით მოსახლეობის  დამონება.

ამერიკელი  კონსპიროლოგები, ისევე როგორც მემარჯვენე პროპაგანდისტი ალექს ჯონსი, ირწმუნებიან, რომ ვირუსი ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია გლობალური ბაზრების მოსაპოვებლად. რუსეთში და ჩინეთში კი ამტკიცებენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსი შეიქმნა ამერიკულ ლაბორატორიაში, რის შემდეგაც საერთაშორისო სამხედრო წვრთნების დროს,  ჩინეთში შეიტანეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top