"ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა" - ეკონომიკის სამინისტრო

ეს პერსონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის მიერ სოციალური ქსელის Facebook მეშვეობით გავრცელებული კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ. სადეპუტატო შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადეს სათანადო ინფორმაცია. ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.

სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულად წარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ლევან კობერიძისთვის გაგზავნილი სრული პასუხის ბმული საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/5519 “, - ნათქვამია  განცხადებაში. 

ცნობისთვის, ლევან კობერიძემ 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა. პასუხის მიღების შემდეგ, კობერიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top