პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა

ეს პერსონა

„მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა. გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის პრემიერ-მინისტრს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top