,,ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო

ეს პერსონა

,,ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში დღეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ. მის შემცვლელად კი ორი კანდიდატურა განიხილება - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.  კიდევ ერთი ვერსიით, ცვლილება პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს არ შეეხება, არამედ მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება და მის ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთხელ უკვე იყო. მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე დარჩება. საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top