თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ეს პერსონა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. ჩვენი მიზანია, დემოკრატიული განვითარებითა და ეროვნული თავდაცვისა და მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებით გავხდეთ აშშ-ის მოკავშირე რეგიონში და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ეს ასახულია კონსტიტუციაშიც, რაც ცხადყოფს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც კვლავ აქტიურად ცდილობს მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროს ქვეშ დააბრუნოს და დაასუსტოს მათი დემოკრატიული განვითარება. მხარეებმა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზეც იმსჯელეს, რაც ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.

თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა მიმდინარე წლის კონფერენციაზეც მაღალი ხარისხის იქნება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top