"ანაკლიაში მოძრაობის პრეზენტაციის ჩატარება, უკვე არის მკაფიო მინიშნება, რომ ხაზარაძე ანაკლიის პროექტს მის სახელს უკავშირებს" - ზაალ ანჯაფარიძე

ეს პერსონა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დღევანდელ პრეზენტაციას აფასებს. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ანაკლიაში პრეზენტაციის გამართვა ხაზარაძის მხრიდან არასახარბიელო ნაბიჯია, რადგან აღნიშნული მიანიშნებს, რომ "ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტს საკუთარ სახელს უკავშირებს." იმ ფაქტს, რომ ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძე ხშირად ახსენეს, ექსპერტი ასევე უარყოფითად აფასებს. ანჯაფარიძე წერს, რომ თუკი ხაზარაძეს  სურდა ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობასთან მოძრაობის ასოცირება, უკეთესი იქნებოდა პრეზენტაცია ანაკლიის ნაცვლად, წიწამურში ჩაეტარებინათ. ამასთან ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლას სკეპტიკურად უყურებს. ერთადერთი რასაც ექსპერტი პოზიტიურად აფასებს, ეს საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი " ლელოა".

" ანაკლიაში მოძრაობის პრეზენტაციის ჩატარება, უკვე არის მკაფიო მინიშნება, რომ ხაზარაძე ანაკლიის პროექტს მის სახელს უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა რომ ეს არ მოხდებოდა. პრეზენტაციის დროს არაერთხელ გაკეთდა რეფრენი ილია ჭავჭავაძეზე და მის მემკვიდრეობაზე, მისი მკვლელობის თარიღთან დამთხვევა და ა.შ. თუკი მამუკა ხაზარაძეს ასე ძლიერ სურდა ილია ჭავვჭავაძის მემკვიდრეობასთან მისი მოძრაობის ასოცირება, მაშინ ალბათ უპრიანი იქნებოდა პრეზენტაცია წიწამურში მომხდარიყო და საზოგადოება ამას უკეთ გაიგებდა.
კიდევ ერთი, საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი სახეები. კი ბატონო, ეს სახეები არიან ახალი თაობის და არასაბჭოური მენტალიტეტის ხალხი, მაგრამ ამ „სახეებს“ ფართო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, მარტივი მიზეზის გამო - მათ უკან არ არის არავითარი სოციალური კაპიტალი, სხვა ფაქტორებზე საუბრისგან დროებით თავს შევიკავებ.
შესაბამისად, ჩემი სუბიექტური შეფასებით, სადღეისოდ საზოგადოების უმრავლესობა, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, არა იმიტომ, რომ მათ ქვეყნის და ხალხის პრობლემები ეტკინათ, არამედ იმიტომ, რომ მართალია დაგვიანებით, მაგრამ მათ საეჭვო საქმიანობების გამო, სამართლდამცავებმა მათ მწარედ დააჭირეს ფეხი", - წერს ანჯაფარიძე ფეისბუქზე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top