ცნობილია დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებსაც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ჩააბარებენ

ეს პერსონა

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცნობილი გახდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებსაც 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ჩააბარებენ.

"გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. ბიოლოგია;

4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30 პროცენტისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა, შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა." , - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top