გიორგი გახარია: ევროპული სკოლის გახსნა არის ხარისხობრივად ახალი დონის ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის

ეს პერსონა

ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სიტყვით გამოვიდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, აღნიშნული სკოლის გახსნა, არის მნიშნვნელოვანი ნაბიჯი როგორც განათლების სისტემისთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის. პრემიერმა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის და პროექტის წამოწყებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროკომისარ იოჰანეს ჰანს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა. 

„​ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხარისხობრივად ახალი დონის ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის.

 ეს სკოლა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება.  მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად  ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩადეს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top