"მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს" - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

ეს პერსონა

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან. ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება.

გთავაზობთ განცხადებიდან ამონარიდებს:

"მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.

 ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ.

 შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.
ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა.

განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება, - ნათვქამია განცხადებაში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top