"ლავროვს პირდაპირ ვუთხარი, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია" - დავით ზალკალიან

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუს კოლეგასთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.

ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია იყო, რომ ეს შეხვედრა უნდა გამოეყენებინა საქართველოს იმაზე სასაუბროდ, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირდაპირ მეთქვა სათქმელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. ძალიან მკაფიოდ დავსვი ყველა ის საკითხი, რომელზეც ყველგან ვსაუბრობთ. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა; რომ მათი მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენის გარეშე პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრებს შორის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. ზალკალიანის განმარტებით, „წინასწარი დათქმები თემებთან დაკავშირებით არ ყოფილა“, თუმცა შვეიცარულმა მხარემ იცოდა, რომ ქართული მხარე დეოკუპაციაზე ისაუბრებდა. 

„დასამალი არაფერი მქონდა, ვიყავი ძალიან გულწრფელი დიალოგში. არც მქონდა მოლოდინი, რომ მათი მხრიდან ამას გარღვევა, თანხმობა და გამოყოლა მოჰყვებოდა, თუმცა ეს არის პროცესი. ეს დიალოგი იყო კარგი შესაძლებლობა. პროცესი გამოაჩენს, რა შედეგს მოიტანს ეს შეხვედრა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ. 

წყარო: imedinews.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top