ერგნეთში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს 

ეს პერსონა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალი პოზიციას არ ცვლის და ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის გაუქმებას ითხოვს.  ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის მოთხოვნის მიუხედავად, უცვლელი რჩება ქართული მხარის პოზიციაც -  ჩორჩანასთან არსებული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი არ განიხილება.  უცნობია, თუ როდის გახსნის დე ფაქტო რეჟიმი ახალგორისა და სინაგურის ე.წ. გამშვებ პუნქტებს. ამასთან, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხვალ დაეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 

„შედგა აზრთა გაცვლა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. სამწუხაროდ, ცხინვალში მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა, რომ წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში შეწყდეს უკანონო აქტივობა და ევროკავშირის მისიას მიეცეს ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების უფლება. ეს წარმოადგენს ადგილზე სიტუაციის დაძაბვას. მათ არაერთგზის გააჟღერეს დეკლარირებული პოზიცია, რომ სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას. ეს საგუშაგო დგას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, მომავალ კვირას. ერთზე ვთანხმდებით რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს. აქაც დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია. გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურად ცხოვრებას. გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით კვლავაც არ იქნა პასუხი და ამაზეც გაგრძელდება დისკუსია ჟენევის ფარგლებში.

არ შეიძლება, ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშიროს ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს პირდაპირ ეხება ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top