გუგუტიანთკარიდან დევნილი: ჩვენ არაფერი გვითხოვია მამუკა ხაზარაძისთვის, როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადგამს მისი გადასაწყვეტია

ეს პერსონა

 ჩვენ არაფერი გვითხოვია მამუკა ხაზარაძისთვის, თავად შემოგვთავაზეს საჩუქრად და როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადებს თუ დადგამს, მისი გადასაწყვეტია  - ამის შესახებ გუგუტიანთკარიდან დევნილმა  ლევან რაზმაძემ  „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განცხადებით, ოჯახმა "ლელოს" საჩუქარზე შესაძლოა უარიც თქვას.  

„არასწორი ინტერპრეტაციებით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ უარი განვაცხადეთ დაპირებულ კოტეჯზე. სინამდვილეში ვუთხარით მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამ სახლს განვათავსებთ, ადგილი გვაქვს გორში, ჩვენი სახლის ეზოში, შევთავაზეთ, რომ ჩამოცალონ აქ ეს კონსტრუქცია და როდესაც შესაბამის ადგილს გამოვძებნით, შევატყობინებთ და თავად ააწყონ ან სულაც ჩვენ ვნახავთ ხელოსნებს და ავაწყობინებთ ამ სახლს. რაც შეეხება გუგუტიანთკარს, უამრავჯერ ვთქვით, რომ სოფელში არ გვაქვს არანაირი მიწის ნაკვეთი. თუ გამოინახება, არც იმაზე ვართ წინააღმდეგი, რომ იქ დაიდგას. ჩვენ არაფერი გვითხოვია მამუკა ხაზარაძისთვის, თავად შემოგვთავაზეს საჩუქრად და როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადებს თუ დადგამს, მისი გადასაწყვეტია და ისეთი განცხადებები გაკეთდა დღეს მათი მხრიდან, რომ იქნებ სულაც უარი ვთქვათ. ახლა გუგუტიანთკარში ასულან და იქ აუტანიათ ის კოტეჯი. ვერ ვიგებ, რა უნდათ, რას აპირებენ“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ცნობისთვის, მოძრაობა „ლელო“ და გუგუტიანთკარელი ლევან რაზმაძე სახლის განთავსების ადგილზე ვერ თანხმდებიან. „ლელოს“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ კოტეჯი სოფელ გუგუტიანთკარში განთავსდეს, ლევან რაზმაძე კი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან გუგუტიანთკარში კოტეჯის ჩადგმის შემთხვევაში ისინი დაცულები ვერ იქნებიან.

ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელმა თეონა დოლენჯაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბენეფიციარი უცვლელი რჩება და თუ  რაზმაძის ოჯახს ადგილს გამოუყოფენ და სურვილი ექნება, კოტეჯი მათ გადაეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში კოტეჯს რომელიმე სხვა გაჭირვებული ოჯახი მიიღებს.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top