რომელ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებდა მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი

ეს პერსონა

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი 2 ოქტომბერს უკრაინაში, კიევში სპეცოპერაციისას, სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს. ჭიჭიაშვილის სახელს არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება. ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება, ასევე გივი თარგამაძის აფეთქება. ედუარდ შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ჭიჭიაშვილს „ნომერ პირველ ტერორისტად“ მოიხსენიებდა. 

1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა.

1997 წლიდან  შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა. ამ დროისთვის  ის უკვე დიდ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული.  2000 წლიდან კი იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

2001 წელს ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცება. ის სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის, ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორადაც. გამტაცებლებმა ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. მას ახლო კავშირი ჰქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან. ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამბოხებასთან დაკავშირებითაც, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ამავე წელს ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

2003 წელს კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთში დააკავეს.  მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილის, ჩეჩენ ბოევიკში, რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს. 
საბოლოოდ რუსეთში დაპატიმრებული ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადასცეს.

2004 წელს ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ ჭიჭიაშვილი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 7 წელი მოიხადა და  2013 წელს, — ამნისტიისა და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, — ციხიდან გამოვიდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გივი თარგამაძეს  მანქანა აუფეთქეს.   დეპუტატი სწორედ ჭიჭიაშვილს ასახელებდა მისი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად. თარგამაძემ აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. მისი  ინფორმაციით, აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა, თუმცა თავად ჭიჭიაშვილი ამ ფაქტს უარყოფდა.

2017 წელს ჭიჭიაშვილის გვარი დაასახელეს, როგორც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობის შემსრულებელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბრალი არ წაუყენებიათ.

 

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top