"გულწრფელობა მომგებიანია, განსაკუთრებით ქალისათვის" - რომან გოცირიძე

ეს პერსონა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მაია ცქიტიშვილის მისამართით გამოთქვა. გოცირიძე, წერს რომ ხაზარაძის განცხადება ცალსახად სექსისტურია, თუმცა იმედოვნებს, რომ ის  მსგავსი შინაარსის განცხადებას აღარ გამეორებს. გოცირიძე მოძრაობა "ლელოს" წევრი ქალების პოზიციას აკრიტიკებს და წერს, რომ მათ საწყისშივე არ შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება  რადგან მათი ქმედებები უფროსის დაცვისკენაა მიმართული. 

"ივანიშვილმა რომ თქვა დეპუტატობის კანდიდატი ქალის წარდგენისას, კარგ ხაჭაპურებს აცხობსო, არ იყო სექსისტური ხომ? ახლა რომ გამოენთო მთელი ”ქართული ოცნება” ქალიან-კაციანად, მთავრობიან-პრეზიდენტიანად და გაიძახიან, ”სუსტ სქესს” დისკრიმინაციულად მოიხსენიებენო, ის ისტორია არ ახსოვთ, ხომ?

მათი საყვარელი ამბავი -”შედი ქალო ბუტკაში”, სექსისტურიც რომ არის და ჰეტეროსექსუალურიც, არც ეს იციან, ხომ?

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს, რა თქმა უნდა, იყო სექსისტური. საჯარო პოლიტიკა იმიტომ არის ჯანსაღი პროცესი, რომ ბევრ რამეს გასწავლის და ასეთი რამ ალბათ სხვა დროს არ წამოცდება, რადგან ერთმა უწყინარმა კულინარიულმა ფრაზამ პრეზიდენტის დონეზეც კი დაიმსახურა ყურადღება.

რაც შეეხება მისი მოძრაობის წევრი ქალების გამამართლებელ კომენტარებს, ეს ცუდია, რა თქმა უნდა. ჯერ პარტია არ შექმნილა და უკვე საკუთარ აზრს ”პოლიტიკური მიზანშეწონილების” და ”უფროსის” დაცვის პოზიციიდან გამოთქვამენ.

ჩემი პოსტი კი ”სექსისტური” მოსაზრებით მინდა დავამთავრო: გულწრფელობა მომგებიანია, განსაკუთრებით ქალისათვის", - წერს გოცირიძე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top