"კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი, სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება" - თამთა თოდაძეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადაეცა

ეს პერსონა

თამამად ვიტყვი, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება, – ამის შესახებ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილმა თამთა თოდაძემ, თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“გავეცანი საქმის მასალებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურამ მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს. თამამად ვიტყვი, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება”, – განაცხადა თოდაძემ.

თოდაძე, დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის გადაფარვის მცდელობაა.

“არ იციან რა მოიგონონ. როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ცდილობენ აღნიშნული ფაქტის გადაფარვას”,- აღნიშნა თოდაძემ.

როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, მისი მთავარი მოთხოვნაა საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მანდატი შეუწყდეს და პატიმრობა შეეფარდოს.

“ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ შეუწყდეს საკრებულოს მანდატი, შეეფარდოს პატიმრობა. როდესაც დიდია ძალაუფლება, ზეგავლენა დიდია იმის ალბათობა, რომ მოწმეებზე ხდება ზეგავლენის მოხდენა,”- განაცხადა თამთა თოდაძემ.

ცნობისთვის, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თამთა თოდაძე თვითონ არის ძალიან აგრესიული, თვითონ მოაწყო პროვოკაცია და ილია ჯიშკარიანი მისგან მომდინარე აგრესიის მსხვერპლი იყო.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფოში გააცნეს. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top