"თუ ოპოზიციაში ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ცივილური დებატები, უკიდურესი სიბეცე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მერე ჩვენს კოალიციურ ურთიერთობას ირწმუნებს ვინმე" - გიგი უგულავა

ეს პერსონა

უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე არა ჩვენი კარიერა, არამედ ქვეყნის მომავალი დევს და ამგვარი ტალახის სროლით მხოლოდ ივანიშვილის პარაზიტობას ვახანგრძლივებთ, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პარტიის მისამართით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ კამათი „სახის შენარჩუნებით და წითელი ხაზების დაცვით“ არის შესაძლებელი.

„მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2020-ში, „ევროპული საქართველოს“, როგორც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივის, მომავალ შესაძლო კოალიციურ თემებს, პირობებს შორის, სწორედ პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა იქნება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ უსარგებლო ცილისწამების ნაცვლად, რაც მხოლოდ ართულებს შემდგომ თანამშრომლობას, უმჯობესია საგნობრივი დისკუსიები კონკრეტულ თემებზე: დასაქმებაზე, ეკონომიკაზე, თავდაცვაზე, დემოკრატიასა და ასე შემდეგ. ყველა შემფითილებლის, წამხალისებლის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თუ ოპოზიციაში ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ცივილური დებატები, თუნდაც მწვავე, განსხვავებულ საკითხებზე, უკიდურესი სიბეცე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მერე ჩვენს კოალიციურ ურთიერთობას ირწმუნებს ვინმე. მარტივად, თუ დღეს არ ვარგიხარ, არც ხვალ ივარგებ, ხოლო გუშინდელი წარმატებებისთვის ხვალ არავინ აგირჩევს. „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტიკური სიმწიფის ეს ტესტი ჩააბარა, როცა პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 5 წუთში ქმედითი მხარდაჭერა გამოუცხადა მეორე ტურში გასულ კანდიდატს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ტესტი ჩასაბარებელი აქვს და არ მგონია, რომ თუნდაც მიუღებელი კრიტიკისთვის პასუხად ტალახის სროლა სერიოზული და ადეკვატური იყოს. უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე არა ჩვენი კარიერა, არამედ ქვეყნის მომავალი დევს და ამგვარი ტალახის სროლით მხოლოდ ივანიშვილის პარაზიტობას ვუხანგრძლივებთ. ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სასჯელიც ტალახის მსროლელთ დაეკისრებათ. ამიტომ, მეგობრებო, ვიკამათოთ სახის შენარჩუნებით და წითელი ხაზების დაცვით. ჩათვალეთ, რომ ეს პირველი ბარიერია ხანგრძლივ ბრძოლაში, ბარიერი, რომლის გადალახვის გარეშე მეორეს, უფრო რთულს, ვერ შევეჭიდებით.

ვარ თვითკრიტიკული და პირველ რიგში საკუთარ თავს, ჩემს გუნდს, ვეუბნები ამას, თუმცა, იმედი მაქვს, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებში ბევრი კარგი გამგონე აღმოჩნდება“, - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ სტატუსი ასეთი ფორმულირებით დაწერა: - „გამარჯვება „ქოცებზე“ და „ევრო - ქოცებზე“ მალე საქართველოში".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top