ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი: იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა

ეს პერსონა

ხაშურის სამშობიაროში დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზებზე შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე საუბრობს. როგორც ხელაძემ განაცხადა, მიმდინარეობს მოკვლევა და საბოლოო დასკვნამდე კონკრეტულ მედიკოსებს პროფესიული საქმიანობის უფლება შეუჩერდებათ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იკვეთება მედპერსონალის მხრიდან "გარკვეული გადაცდომა".

„ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

 

ტეგები:
0
0
0
11
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top