"ჩვენი მოწოდებაა საქმეს მიხედონ" - ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე

ეს პერსონა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს „საქმეს მიხედონ“. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის ფარგლებში განაცხადა. 

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულებისთვის განკუთვნილი ვადის 6-ჯერ გახანგრძლივება იმის ნიშანია, რომ მთავრობა ამ პროექტს მხარს უჭერს. 

„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს ბოლო შანსი უნდა იყოს, კონსორციუმს კი ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

თუმცა კონსორციუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ვალდებულებების შესრულების ვადა ისედაც 31 დეკემბერს იწურებოდა.

15 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა ბრიფინგი გამართეს.  ლევან ახვლედიანის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარი დაეჭირა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი განახორციელა. ახვლედიანი, ასევე, გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოწოდებას და განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის საქმეზე"  დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ, ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა. ამ ეტაპზე, კონსორციუმი, ინვესტორებთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top