ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: თუ ასე გააგრძელებს, უნდა გადადგეს და წავიდეს

ეს პერსონა

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას და კომისიის ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღეს 23 ოქტომბერია და ზუსტად ერთ თვეში გიორგობაა. ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, მსჯავრდებულები საპატიმროებში ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე და განსაკუთრებით გიორგობას პრეზიდენტისგან შეწყალებას ელოდებიან. მე პირადად, ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია შეწყალების კომისიაში აღარ ვარ, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და საკუთარ უფლებამოსილებას დაუწესა მორატორიუმი, ასეთი რამ არის უბრალოდ გაუგონარი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მივმართავ და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად მისდამი ჩემი დამოკიდებულებისა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ნორმალური, წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია. შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, გამოავლინოს ჰუმანური დამოკიდებულება.

ეს ერთი თვე მან გამოიყენოს შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაში და შეწყალების ნორმალურად, ადამიანურად ჩასატარებლად, სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ უნდა გადადგეს. რაში გვჭირდება ასეთი პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას არ ასრულებს? არ ვიცი მას ღირსება აქვს თუ არა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, უნდა გადადგეს და წავიდეს", - წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top