„ისინი გულით ისმენენ და გულით ხედავენ“ - მღვდელი რომელმაც ჟესტების ენა ისწავლა

ეს პერსონა

რომ არა ეს ადამიანები, მე ამ გზას ვერ გავივლიდი. მადლობა მათ, რადგან ისინი გულით ისმენენ და გულით ხედავენ, - ამის შესახებ დეკანოზი გიორგი კალანდია საუბრობს, რომელმაც ჟესტების ენა ისწავლა, რათა სმენადაქვეითებულ ადამიანებამდე ღვთის სიტყვა მიიტანოს. 

„ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია. თვითონ ხასიათითა და ბუნებით ისინი სხვა ადამიანებისგან არ განსხვავდებიან,მაგრამ მაინც არის რაღაცა ისეთი ნიუანსი, რომელიც მათთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია. თუ ჩვენ ვიტყვით,რომ ისინი ეჭვიანები არიან ამაში გასაკვირი არაფერი არაა, რადგან მათ არ ესმით.

ორი ადამიანი საუბრობს და მესამემ არ იცის რაზეა საუბარი. თუ რაღაც ზოგადზეა საუბარი მასაც აინტერესებს, უნდა რომ გაიგოს. ეჭვიანობენ, ფიქრობენ „ნეტა რას ამბობენ?“, „რას და როგორ განიხილავენ ჩემს მდგომარეობას“.

მე თვითონ შევსწრებივარ ასეთ მდგომარეობას მეტროში, საუბრობს ორი სმენადაზიანებული ერთმანეთს შორის და ამ დროს ვინმე დასცინის. იმიტომ,რომ იმისთვის შესაძლოა ძალიან უცხოა ეს ყველაფერი, არ იცის რა არის ეს ჟესტური ენა, არ იცის რომ ეს საკომუნიკაციო ენაა. სწორედ ამიტომ ის იცინის, შესაძლოა არც დასცინის, შეიძლება სხვა რამეზე გაიცინა ,მაგრამ ამ დროს ადამიანი, რომელსაც სმენა არ აქვს, გულნატკენი დადის და ფიქრობს - „აი, მე უკვე დამცინეს დღეს მეტროში“. ამიტომ საფრთხილოა ეს თემა, რომ ისინი არ დავაეჭვოთ ამაში და უფრო ღიად და ლაღად ვუთხრათ ის, რაც მათ გარშემო ხდება.

რომ არა ეს ადამიანები, მე ამ გზას ვერ გავივლიდი. მადლობა მათ, რადგან ისინი გულით ისმენენ და გულით ხედავენ. ურთულესი საქმეა მოატყუო ისინი, ვერ მოატყუებ. შეიძლება ვიღაცა მოსაუბრე უფრო მოატყუო და რაღაც ლამაზად უთხრა იმანაც დაიჯეროს, მაგრამ ამ ადამიანებს როცა ეუბნები - ისინი გულით გრძნობენ, მათ ვერ მოატყუებ.

არის ასეთი მდგომარეობა, რომ „ქერუბიმთას“ დროს გარკვეული პაუზა იქმნება და ამ დროს თარგმანს ვწყვეტ, ადგილიდან ჩამოვდივარ და ბავშვებთან ვდგები. ამ დროს არის ჩემთვის საოცარი მდგომარეობა. რამდენიმე ბავშვები, რომელთაც აკლიათ სინქრონიზირება, რომლებიც სკოლაში დარჩენილები არიან და მშობლებთან ნაკლები შეხება აქვთ, მათ სითბო აკლიათ. მოვლენ ხოლმე და გარშემო დამიდგებიან, გეხუტებიან, უნდათ, რომ გაგრძნობინონ რომ მოფერება, გულში ჩაკვრა ჭირდებათ.

ყოველ წირვაზე იწყება ახალი სიხარული, თავს მოგადებს, ჩაგიკრავს გულში და გაგრძნობინებს, რომ შენთან ერთად არის, მადლიერია“, - ამბობს დეკანოზი.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top