„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია - რა ვიცით ამ დრომდე

ეს პერსონა

დღეს უცხოური მედიის მთავარი თემაა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია. გამოცემა „როიტერსმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ISIS-ის ლიდერი ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს. თეთრი სახლის ინფორმაციით კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. რა ვიცით ამ დრომდე? The Fox News-ის ტელეწამყვანმა ბრეტ ბეიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბიომეტრიულმა ტესტმა დაადასტურა, რომ მოკლული ნამდვილად ბაღდადია.

თურქული ანადოლუ წერს, რომ ბაღდადის ლიკვიდაციისთვის აშშ-ის 8 ვერტმფრენსა და 2 უპილოტო საფრენ აპარატს 90 წუთის განმავლობაში მიზანში ჰქონდათ ამოღებული იდლიბის პროვინციაში, ქალაქ პარიშასთან მდებარე წერტილი. Newsweek-ის ინფორმაციით, ტრამპმა სპეცოპერაცია ერთი კვირის წინ დაამტკიცა. აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადა, რომ ბაღდადი თავდასხმის შედეგად მოკლეს. პენტაგონის უფროსმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ბაღდადიმ თავი აიფეთქა ოჯახის წევრების თვალწინ, როცა ამერიკელი სამხედროები სოფელ ბარიშაში შეიჭრნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ შვილები არ დაშავებულან, მაგრამ ბაღდადის ორივე ცოლი მოკვდა მათ ჟილეტებზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად.

ლიბანურმა unews_agency-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს ამერიკელი სამხედროებისა და ბაღდადის დაჯგუფების სავარაუდო შეტაკების კადრები. გამოცემის ინფორმაციით, ეს მოხდა ქალაქ სარმადას დასავლეთით, სოფელ ბარიშაში, სადაც ბაღდადი იმალებოდა.

ასევე ვიდეო, რომელზეც დამწვარი მანქანაა ასახული, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროებმა „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერი მოკლეს.

სირიელი ჟურნალისტის, მოჰამად რაშიდის ინფრომაციით, სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, აქედან 2 ქალი და ერთი ბავშვია.

რას ამბობენ ექსპერტები? "ალ ჯაზირასთან" საუბრისას ანალტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბაღდადის სიკვდილი იქონიებს თავლსაჩინო გავლენას ISIS-ზე. სავარაუდოდ, ეს შეასუსტებს „ისლამურ სახელწმიფოს“ და ტერორისტები, სანამ ახალ ლიდერს გამოაცხადებენ, ცოტა ხნით დაბნეულები იქნებიან. „რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა“, - ასეთი ტვიტი დაპოსტა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თუმცა მისი მნიშვნელობა არ განუმარტავს. შტატების ლიდერი სავარაუდოდ ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციას გამოეხმაურა.

ქურთების სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა მაზლუმ აბდიმ განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს „ისტორიული, წარმატებული ოპერაცია“ აშშ-ის ძალებთან საერთო მუშაობის შედეგად.

საგამოძიებო ჟურნალისტის, ელიოტ ჰიგინსის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ბაღდადი მოკლეს, 5 კილომეტრითაა დაშორებული სირია-თურქეთის საზღვარს.

ამერიკელი ჟურნალისტის, "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერის - „ისლამური სახელმწიფო: ტერორის ჯარის შიგნით მაიკლ ვაისთან ერთად“ ავტორი, ჰასან ჰასანი წერს, რომ გაკვირვებულია, რატომ დაიმალა ბაღდადი სირიაში და არა ერაყში. „გულწრფელად მიკვირს, რატომ არ იყო ბაღდადი ერაყში. სირია არასდროს არ ყოფილა კარგი დასამალი ადგილი. დიდი ალბათობით, ის გადაადგილდებოდა და , სავარაუდოდ, თურქეთი ამაში იყო ჩართული“.

ბაღდადის მარშრუტთან დაკავშირებთ კითხვები გაუჩნდა CNN-ის კორესპონდენტ კლარისა ვარდსაც. „როგორ გადაკვეთა ბაღდადიმ ევფრატის ველი იდლიბამდე, თურქებისა და ქურთების ხელში მყოფი ტერიტოებისა ან/და რეჟიმის ტერიტორიის გავლით?“

ტვიტერის მოხმარებლებს ხუმრობის მიზეზიც მიეცათ. ზოგს თვლა აერია, მედიამ მერამდენედ გამოაცხადა ბაღდადის მოკვლის შესახებ. „ბაღდადი მოკლულად მერამდენეჯერ გამოაცხადეს?“

„ბაღდადი მოკლულია? ხო, კარგი. ფსონს ვდებ, ორ დღეში ის შვედეთში გამოჩნდება თავშესაფრის მოთხოვნით, რომელსაც მიიღებს“.

ბაღდადს უფრო ხშირად კლავდნენ, ვიდრე ბრექსიტის თარიღს წელავდნენ.

ბოლო 5 წელიწადში უკვე 50-ჯერ მოკლეს. ამჟამად ნამდვილად მოკლეს. სირიაში.

ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. კერძოდ, 2017 წლის ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მომაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი იყო მოკლული რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმების შედეგად. შემდგომში ეს ინფრომაცია არ დადასტურდა.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top