ვინ იყო მამა პეტრე ცაავა ერისკაცობაში და რა გზა განვლო მღვდელმთავრობამდე

ეს პერსონა

მამა პეტრე, ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა, დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს ქალაქ სენაკში. 1987 წელს დაამთავრა სენაკის VII საშუალო სკოლა და 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ამავე დროს ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქართველოს საპატრიარქოში რეზიდენციაში.
2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მორჩილი პაატა (ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში – სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად. 2000 წლის 27 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე, მისი მფარველია წმიდა პეტრე მოციქული. ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ იმავე წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში ბერ-დიაკვნად დასხა აკურთხა.
2000 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბერ-დიაკონ პეტრეს მღვდელ-მონაზვნად დასხა ხელი. მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს მღვდელ-მონაზონმა პეტრემ განაგრძო საქმიანობა საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
2002 წლის 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მღვდელმონაზონი პეტრე დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აიყვანა იღუმენის ხარისხში.
2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა).
2002 წლის 27 ოქტომბერს, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ, პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელთმთავრო მოღვაწეობას. ოთხი წლის განმავლობაში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაარსდა რამდენიმე მამათა და დედათა მონასტერი, შესრულდა ძირითადი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში და აქ მამათა მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერმონაზონთა და ღვთისმსახურთა რიცხვი. აშენდა რამდენიმე ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეპარქიის დაარსების პირველივე თვეს გამოვიდა საეპარქიო გაზეთი "მადლიანი სტეფანწმინდა", რომელშიც დაწვრილებით აისახა ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები.
2006 წლის 23 დეკემბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, 2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს; მეუფე პეტრეს ჩასვლამდე ეპარქიაში მოქმედი იყო 20 ეკლესია-მონასტერი, მისი ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი.
2007 წლის 23 იანვარს წმ. სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.
ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს მოღვაწეობას უკავშირდება 2007 წლიდან მარტვილის სამონასტრო კომპლექსის აღორძინება. სამღვდელმთავრო რეზიდენციის აშენება, მიმდებარე ტერიტორიებზე წმ. ანდრია მოციქულის მამათა და წმ. ნინოს დედათა მონასტრების დაარსება. ეპარქიაში სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების გამრავლება, რამდენიმე დედათა და მამათა მონასტრის დაარსება. ეპარქიის რაიონებსა და სოფლებში არსებული ტაძრების აღდგენა და ახალი ეკლესიების მშენებლობის დაწყება. აბაშის რაიონულ ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენის დაწყება და მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება. ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება. ასევე სოფელ სალხინოში ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დაარსება.
2007 წლიდან განსაკუთრებულად იდღესასწაულება წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე "ჭყონდიდობა". ასევე დაწესდა სულთმოფენობის მეორე დღის – ორშაბათის, ანუ მარტვილიის – მატვილობის დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნა.
2008 წლის 23 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე  საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნებას" ხელმძღვანელობდა,  2017 წლის 9 მარტს სინოდის სხდომის გადაწყვეტელიებით მეუფე პეტრე აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ იწყება მეუფე პეტრეს სკანდალური და მწვავე განცხადებები ტელეეთერებში ეკლესიის მიმართ, რამაც სხვადასხვა დროს დიდი ვნებათარელვა გამოიწვია საზოგადოებაში. 
2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა და პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, შიომღვიმის მონასტერში განამწესა.

ტეგები:
12
2
10
2
6
კომენტარები
ეს პერსონა
Top