"კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა" - ბიძინა ივანიშვილი

ეს პერსონა

კომენტარის ღირსიც კი არ არის, რაც ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა  გამოცემა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, კრიტიკოსებმა "თავი შეირცხვინეს", როდესაც თბილისის სტიქიისა და ბორჯომ-ხარაგაულის ხანძრის ლიკვიდაციის მაგალითები მოიყვანეს.

"ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში − ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოსწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზადყოფნა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა. არის ასეთი მაგარი კაცი − თემურ ტყემალაძე, ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა. თემურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დაამუშავა და შემომთავაზა მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტი, რომელზეც ცოტა დეტალურად მინდა შევჩერდე. გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების − მთაწმინდიდან კუს ტბამდე − გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით − მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან დადებით რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა", - განაცხადა ივანიშვილმა. 

5
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top