ელარჯივით გაწელილი „ბრექსიტი“ - მრავალსერიანი პოლიტიკური დრამის გზამკვლევი

ეს პერსონა

2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ისტორიული არჩევანი გააკეთა. რეფერენდუმში  ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს, რამაც ქვეყნის ცხოვრება შეცვალა.

აღნიშნულმა არჩევანმა ქვეყანა დაუსრულებელი საპარლამენტო დავის რეჟიმში გადაიყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, გაერთიანებულ სამეფოში პროცესი დაემსგავსა უსასრულოდ გაწელილ მეგრულ ელარჯს, ან თუნდაც სერიალს, რომელსაც უამრავი სეზონი აქვს, მაყურებლების უმეტესობასაც მობეზრდა, მაგრამ პროდუსერები მის გაუქმებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

თუკი სერიალ „ბრექსიტის“ ყურებას პირველივე სეზონში დაანებებთ თავს, მაგრამ სოციალურ ქსელებში სპოილერებს მაინც აწყდებით და თავს სხვებისგან გარიყულად გრძნობთ, ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ.

საერთოდ, რა არის „ბრექსიტი“?

სიტყვა Brexit ორი სიტყვისგან - Britain-სა (ბრიტანეთისა) და Exit-ის (გასვლის) შეერთებით მიღებული ტერმინია. ის აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.

რატომ მოუნდა ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა?

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა. ამაში მისი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს, რომელმაც განსაზღვრა კუნძულის ტრადიციული იზოლაციონალიზმი. ევროკავშირის წევრობა ამ იზოლაციონალიზმის დაძლევის კარგი შანსი იყო, თუმცა, როგორც ვხედავთ, არ გამოვიდა.

2016 წელს ვის სურდა და არ სურდა ევროკავშირიდან გასვლა? 

- ლონდონის ყოფილ მერ ბორის ჯონსონსა და დამოუკიდებელი პარტიის (UKIP)-ის ლიდერ ნაიჯელ ფარაჯს, რომელსაც მოფერებით „ბრიტანელ დონალდ ტრამპს“ უწოდებენ.
მათი არგუმენტები:
1) ევროკავშირის შეცდომების გამო ზარალდება დიდი  ბრიტანეთის ეკონომიკა.
2) მიგრანტების პრობლემა.
3) ლონდონი პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დაიბრუნებს და ბრიუსელი მის შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა. მაგალითად, გაამკაცრებს საზღვრების დაცვას და გააფორმებს მომგებიან სავაჭრო შეთანხმებებს, ასევე მიიღებს კანონებს ევროკავშირთან შეუთანხმებლად.

YouGov-ის კვლევის თანახმად, „ბრექსიტის“ მომხრეები ძირითადად იორკშირსა და ინგლისის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ. მათი ასაკი ძირითადად 50 წლიდან იწყება, ხშირად მათ უმაღლესი განათლება არ აქვთ და ისინი ძირითადად ყვითელ პრესას - მაგალითად, The Daily Express-სა და The Daily Mail-ს კითხულობენ.
„ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგა ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, ლეიბორისტული პარტია და ახალგაზრდა ბრიტანელები.

კემერონის არგუმენტების თანახმად, ევროკავშირთან დაშორება ბრიტანელების კეთილდღეობაზე ცუდად აისახებოდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა საფრთხეში ჩავარდებოდა. კემერონმა 2015 წელს პირობა დადო, რომ ქვეყანა გავა ევროგაერთიანებიდან, თუკი ამას მოსახლეობა მხარს დაუჭერდა რეფერენდუმზე.

გამოკითხვების თანახმად, „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეები ძირითადად არიან ახალგაზრდა განათლებული ბრიტანელები, რომლებიც კითხულობენ The Guardian-სა და The Times-ს. ამის მიუხედავად, მათი შემოსავალი „ბრექსიტის“ მომხრეების შემოსავალს სამჯერ ჩამოუვარდება. ევროკავშირთან დარჩენის მომხრეთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში დაფიქსირდა.

როდის ჩატარდა რეფერენდუმი?

2016 წლის 23 ივნისს. რეფერენდუმის კითხვაზე - „უნდა დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში?“ ამომრჩეველთა 52-მა %-მა ( თითქმის 16.5 მილიონმა ადამიანმა) უარყოფითად უპასუხა. „ბრექსიტის წინააღმდეგ“ 48% გამოვიდა (15.3 მილიონი ამომრჩეველი). რეფერენდუმზე დასწრებამ 72% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლების დასაწყისიდან.

რეფერენდუმის შედეგებმა არ დააყოვნეს:

  • 24 ივნისს „ბრექსიტმა“ მსოფლიო ბირჟებზე ფუნტი სტერლინგის კურსის რეკორდული 11%-იანი ვარდნა გამოიწვია.
  • Google Trends-ის მონაცემებით, რეფერენდუმის მეორე დღეს ბრიტანელები აქტიურად გუგლავდნენ შემდეგ შეკითხვებს: 1) „რა მოხდება, თუკი ევროკავშირს დავტოვებთ?“, 2) „რა არის ევროკავშირი?“, 3) „რომელი ქვეყნები შედიან ევროკავშირში?“, 4) „რა მოხდება ახლა, როცა ევროკავშირიდან გამოვედით?“ 5) „რამდენი ქვეყანაა ევროკავშირში?“
  • 26 ივნისს 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე ხელი მოაწერა პეტიციას „ბრექსიტზე“ ახალი რეფრენდუმის ჩატარების შესახებ.
  • 28 ივნისს მსოფლიო საფონდო ბირჟებმა დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი დაკარგეს რეფერენდუმის შემდეგ. ბრიტანული სავაჭრო ინდექსი FTSE ორ დღეში დაახლოებით 5%-ით დაეცა, ბანკების აქციები კი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებლამდე დავარდა.
  • 2 ივლისს ლონდონში „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეთა პირველი მარში გაიმართა, სადაც ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამომსვლელებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „მე ევროკავშირთან ვარ“, „ „ბრექსიტი ახლოსაა“ და სხვები.
  • 4 ივლისს „ბრექსიტის“ მთავარი მომხრე, UKIP-ის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პარტიის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა. პოლიტიკოსის თქმით, მან თავისი საქმე შეასრულა და აპირებს თავისი ცხოვრებით იცხოვროს.
  • ერთ კვირაში, 11 ივლისს გადადგომის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა , დევიდ კემერონმა განაცხადა
  • იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ტერეზა მეი გახდა. იმის გამო, რომ კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ეკავა, მეი, როგორც მათი ლიდერი, ავტომატურად გახდა ქვეყნის პემიერ-მინისტრი. ეს მოხდა კემერონის წასვლის შემდეგ, 13 ივლისს. ამდაგვარად მეი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 16 ივლისს „ბრექსიტის“ მომხრე, ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა
  • 2016 წლის 22 ნოემბრისთვის „ბრექსიტის“ გამო დიდმა ბრიტანეთმა მილიონერთა 15 % დაკარგა. Global Wealth Report -ის თანახმად, ქვეყანაში 2.2. მილიონი მილიონერი ცხოვრობს.
  • „ბრექსიტი“ ცუდად აისახა ტრადიციული საშობაო პუდინგის ფასზე. 28 ნოემბრის მონაცემებით ის 20%-ით გაძვირდა.

 
ბრექსიტის მეორე სეზონი - 2017 წელი

  • 2017 წლის 24 იანვარს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტთან შეთანხმების გარეშე „ბრექსიტის“ პროცესის დაწყება აკრალა. თუმცა სასამართლომ დასძინა, რომ ბრიუსელთან დაშორებისას ლონდონს არ დასჭირდება შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილო ირლანდიის თანხმობა.
  • 2 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის გეგმა გამოაქვეყნა.
  • 14 მარტს ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტის ამოქმედებისთანავე ტერეზა მეის ეძლეოდა შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ დაეწყო მოლაპარაკებები ბრიუსელთან.
  • 16 მარტს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ხელი მოაწერა კანონპროექტს.
  • 25 მარტს ლონდონში რიგით მეორე მრავალათასიანი მარში გაიმართა „ბრექსიტის“ წინააღმდეგ. მსვლელობის ლოზუნგი იყო „გავერთიანდეთ ევროპისთვის“. მონაწილეები ითხოვდნენ ევროკავშირში დარჩენას.   
  • 28 მარტს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ლონდონმა ამის შესახებ ბრიუსელს ოფიციალურად შეატყობინა. შესაბამის მიმართვას ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა და გაუგზავნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ, დონალდ ტუსკს.
  • 18 აპრილს მეიმ „ბრექსიტის“ გამო საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 8 ივნისისთვის დანიშნა. 
  • „ქვეყანა მიდის, ვესტმინსტერი [პარლამეტი] კი არა“, - განაცხადა მეიმ.
  • ბოლო საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმამდე ერთი წლით ადრე, 2015 წლის მაისში გაიმართა, რომლის შედეგებით, პარლამენტში უმრავლესობა კონსერვატორებმა შეინარჩუნეს.
  • 7 მაისს ქალაქ დუვრში  ქუჩის ანონიმმა მხატვარმა ბენქსიმ „ბრექსიტთან“ დაკავშირებით პირველი გრაფიტი შექმნა. ნახატზე მუშა ევროპის დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავიდან ერთ-ერთს ანადგურებს. ცნობისთვის, დუვრი ტყუილად არ იყო შერჩეული - ქალაქი დიდი ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დამაკავშირებელი პუნქტია
  •  8 ივნისის არჩევნების შედეგებით კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს, რის გამოც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება დაკარგეს. მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ.
  •  9 ივნისს ფუნტი სტერლინგის კურსი 1.5-2%-ით დაეცა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების გამო.
  • 21 ივნისს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ევროკავშირის დროშასთან მიმსგავსებულ ქუდში გამოჩნდა. იმ დღეს მონარქი  ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე წარდგა. მანამდე The Telegraph წერდა, რომ დედოფალი მხარს არ უჭერდა „ბრექსიტს“.
  • ტვიტერის მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ტროლინგი დედოფლის მხრიდან.
  • 6 აგვისტო. ბრიტანეთმა მზადყოფნა გამოთქვა, 40 მილიარდი ევრო ( 36 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) გადაიხადოს „ბრექსიტის“ პროცედურაში. ამის შესახებ The Sunday Telegraph-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  გეგმის მიხედვით, ლონდონი ყოველწლიურად ბრიუსელს 10 მილიარდ ევროს ჩაურიცხავდა იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი მომავალი სავაჭრო კავშირების შესახებ განხილვას დაიწყებდა.
  • 23 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებათა დეპარტამენტმა ევროკავშირის  ასობით მოქალაქეს შეცდომით გაუგზავნა წერილები ქვეყნის დატოვების შესახებ. რა გახდა ასეთი ლაფსუსის მიზეზი, უცნობია. სულ დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის 3 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს.


„ბრექსიტის“ მესამე სეზონი - 2018 წელი

  • 2018 წლის 6 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სტრატეგიის - „რბილი ბრექსიტის“ დამტკიცების შესახებ განაცხადა. ახალი გეგმა ითვალისწინებდა ევროკავშირთან საერთო სავაჭრო რეგულაციებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შენარჩუნებას, გაადვილებული საბაჟო კონტროლის შემუშავებას, ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლის აკრძალვა იმის საფუძველზე, რომ ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ წინააღმდეგობების გარეშე მგზავრობის, სწავლისა და მუშაობის უფლება ერთმანეთის ტერიტორიებზე.
  • „რბილ ბრექსიტს“ მინსიტრთა კაბინეტის ნაწილი არ დაეთანხმა, რასაც გადადგომების სერია მოჰყვა. 8 ივლისს გადადგა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში დევიდ დევისი, ასევე მინისტრის რამდენიმე მოადგილე. 2 დღეში თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინსტრმა ბორის ჯონსონმა.
  • 20 ოქტომბერს ლონდონში „ბრექსიტის“ მოწინააღმდეგეთა მესამე მასშტაბური აქცია გაიმართება.  მსვლელობის 700 000-მა მონაწილემ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა.
  •  25 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა   დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცეს. დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.
  • 12 დეკემბერს ბრიტანელმა კონსერვატორებმა ტერეზა მეისადმი უნდობლობის კენჭისყრა ჩაატარეს, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა. თანაპარტიელებმა პრემიერ-მინისტრი „რბილი ბრექსიტის“ პოლიტიკის გატარების გამო გააკრიტიკეს. მათი აზრით, ეს გეგმა არასაკმარისად ხელსაყრელი იყო ბრიტანეთისთვის, თუმცა მეი ასე არ მიიჩნევდა.

 
„ბრექსიტის“ მეოთხე სეზონი - 2019 წელი

  • 15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტმა უარი თქვა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებაზე. დოკუმენტი ტერეზა მეის მიერ იყო შეთავაზებული.
  • 30 იანვარს პარლამენტი არ დათანხმდა „ბრექსიტის“ გადავადებას.
  • 14 მარტს საკანონმდებლო ორგანომ გადაიფიქრა და თემთა პალატამ  „ბრექსიტის“ გადავადებას დაუჭირა მხარი.
  • 23 მარტს ლონდონში მორიგი მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. საზოგადოებრივი კამპანია Peopleʼs Vote-ის მონაცემებით, მარშში მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • 29 მარტს, იმ დღეს, როცა დიდი ბრიტანეთი უნდა გასულიყო ევროკავშირიდან, ბრიტანეთის პარლამენტმა მესამეჯერ გადაავადა „ბრექსიტის“ შესახებ შეთანხმება.
  • 5 აპრილს ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს „ბრექსიტის“ 30 ივნისამდე გადატანა სთხოვა, რაზეც ბრიუსელი დათანხმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლონდონი ავტომატურად გავიდოდა ევროკავშირიდან 12 აპრილს.
  • 11 აპრილს ევროკავშირის ლიდერებმა „ბრექსიტი“ 31 ოქტომბრამდე გადაიტანეს. ამ დროისთვის ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ თქვა უარი ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცებაზე.
  • სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, 12 აპრილისთვის ქვეყნის 6-მა უმსხვილესმა კომპანიამ „ბრექსიტის“ მომზადებაში 348 მილიონი ფუნტი სტერლინგი (456 მილიონი დოლარი) დახარჯა. მათ შორისაა შოტლანდიის სამეფო ბანკი, რომელმაც „ბრექსიტის“ სხვადასხვა სცენარისთვის 100-150 მილიონი ფუნტი სტერლინგი (130-197 მილიონი დოლარი) გამოყო
  • 24 მაისს ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა. აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ მან ვერ განახორციელა „ბრექსიტი“.
  • 12 ივნისს ბენქსიმ ბრექსიტის საწინააღმდეგო  გრაფიტი დახატა. ეს მისი რიგით მეორე ნამუშევარია ამ საკითხზე. გრაფიტი იყო გამოფენილი ლონდონის ჰითროუს აეროპორტის ჭიშკარზე.
  • 24 ივლისს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მკაცრი „ბრექსიტის“ მომხრე, ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებს.  
  • 9 სექტემბერს ელისაბედ მეორემ მკაცრი „ბრექსიტის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი კრძალავდა ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბრის შეთანხმების გარეშე.
  • იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა თავისი მუშაობა ერთი თვით შეაჩერა. ამისი ნება ელისაბედ მეორემ დართო ბორის ჯონსონის თხოვნის საფუძველზე. ამ გზით პრემიერი ცდილობდა, ხელი შეეშალა პარლამენტისთვის, რათა მას არ დაებლოკა 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.
  • 28 ოქტომბერს ევროკავშირი დათანხმდა „ბრექსიტის“ გადავადებას 2020 წლის 31 იანვრისთვის. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა თავის ტვიტერზე დაწერა
  • მომდევნო დღეს, 29 ოქტომბერს ოპოზიციამ მხარი დაუჭირა ბორის ჯონსონის წინადადებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრისთვის ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კოლექციური მონეტების სერია „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.  50 პენსის ნომინალის მონეტებზე იყო გამოყვანილი თარიღი - 31 ოქტომბერი. BBC News-ის თანახმად, იგეგმებოდა 10 მილიონამდე მონეტის გამოშვება, თუმცა იმის გამო, რომ ევროკავშირიდან გასვლის ვადა ისევ გადაწიეს, უწყებას ამ მონეტების დადნობა მოუწევს.

საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ უცნობია, დასრულდება თუ არა „ბრექსიტი“ 31 იანვარს, თუ ისევ გადაიდება, როგორც ხდებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. ფაქტია, სუფრაზე შემოტანილმა ცხელმა ელარჯმა ორ პრემიერ-მინისტრს პირი დაწვა, ახლა ჯერი ბორის ჯონსონზეა... გაწელავს თუ შეჭამს? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top