ვანელმა წითელ ნუსხაში შეტანილი დათვი მოკლა და გარემოს 50 000 ლარის ზიანი მიაყენა

ეს პერსონა

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი, რომლის დატყვევებაც კი აკრძალულია და კანონით ისჯება ვანში, სოფელ უხუთის ტყეში მოკლეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათას ლარს შეადგენს.

"მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს",  - ამბობენ ზედამხედველობის დეპარტამენტში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული "გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის" თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, ის პირი, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს დათვს (ანუ მოკლავს) საქართველოს კანონის თანახმად მას უნდა დაეკისროს გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სსკ-ის შესაბამისად, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

0
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top