ტოპ 10 LGBT+ ფილმი, რომელიც ლევან ვასაძემ აუცილებლად უნდა ნახოს

ეს პერსონა

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ წუხილით გვაცნობა, რომ ვერ შეიძინა ბილეთები ლევან აკინის ქართულ-შვედურ გეი-დრამაზე „And then we danced“. ჩვენებაზე მოსახვედრად მან ერთგვარი მსხვერპლიც გაიღო და უარი თქვა, დასწრებოდა 8 ნოემბერს, სერბეთში დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
„And then we danced“ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში გავა კინოთეატრებში, ამიტომ უცნობია, როდის იხილავს ვასაძე ფილმს ინტერნეტში. ამის გათვალისწინებით,  ეS პერსონამ ბიზნესმენის სევდის განსაქარვებლად გადაწყვიტა, შეადგინოს ტოპ 10 ლგბტ+ ფილმი, რომლის ინტერნეტში ნახვა ვასაძეს უპრობლემოდ შეუძლია.
 
1. Un chant d'amour/ სიყვარულის სიმღერა, 1950 წელი

კინომოგზაურობა დავიწყოთ სკანდალური ფრანგი მწერლისა და რეჟისორის, ჟან ჟენეს ჰომოეროტიკული ფილმით. სურათის მოვლენები ციხეში ვითარდება. ის გვიყვება ციხის დაცვის თანამშრომელზე, რომელიც ორ შეყვარებულ პატიმარს უთვალთვალებს. საყვარლებს ერთმანეთისგან ციხის კედელი აშორებთ, რაც მათ ლტოლვას კიდევ უფრო აძლიერებს.


 

2. Dog Day Afternoon/ძაღლური შუადღე, 1975

გახსოვთ აგონიაში მყოფი ალ პაჩინოს გმირი „ნაიარევი სახიდან“, რომელიც კოკაინს ყნოსავდა და თავის მამაკაცურ ბრუტალურობას აფრქვევდა? ბატონი ლევანისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება სიდნი ლუმეტის 1975 წლის კრიმინალური დრამა, სადაც ალ პაჩინოს პერსონაჟი, სონი ვორციკი ბრუკლინის ბანკს იმიტომ ძარცვავს, რომ თავის ცოლს, ტრანსგენდერ ქალ ლეონ შერმერს სქესის შეცვლის ოპერაცია დაუფინანსოს.

3. Paris is burning/ პარიზი იწვის, 1990 წელი.

თუკი ბატონი ლევანი აშშ-ის ლგბტ თემის პრობლემებით დაინტერესდება, შეგვიძლია ვურჩიოთ ჯენი ლივინგსტონის დოკუმენტური ფილმი. სურათი მოგვითხრობს 80-იანი წლების ნიუ-იორკის ქვიარების ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია „ბალრუმ“ კულტურაზე, რომლის ფარგლებში ლათინო და შავკანიანი ამერიკელები ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. სწორედ ასეთი წვეულებების დამსახურებაა, რომ ახლა უკლებლივ ყველას შეგვიძლია ვოგი ვიცეკვოთ.
სასიამოვნო ბონუსად ამ ფილმს მოჰყვება Ryan Murphy-ის სერიალი „პოზა“, რომელიც კიდევ უფრო მეტად შლის ლგბტ თემის მაშინდელ პრობლემებსა და გამოწვევებს.

 

4. Blue Is the Warmest Colour/ ლურჯი ყველაზე თბილი ფერია, 2013 წელი

ფრანგულ ფილმს ქართველი კინომოყვარულები ხშირად მეორე სახელწოდებით - „ადელის ცხოვრება“ მოვიხსენიებთ. აბდელათიფ ქეშიშის გახმაურებულმა ლგბტ-დრამამ თავის დროზე კანის ფესტივალი დაიპყრო და 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმიც გახდა. სურათი გვიყვება უფროსკლასელი ადელისა და ლურჯთმიანი მხატვარი ემას სიყვარულის ამბავს, რომელიც სავსეა გულახდილი ეროტიკული სცენებითა და ემოციური დიალოგებით.

 

5. Carol/ქეროლი, 2015 წელი.

კიდევ ერთი ლესბი დრამა ტოდ ჰეინის სურათის მოქმედება 50-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ახალგაზრდა ტერეზი ქეროლს ხვდება და დროის განმავლობაში მათ ერთმანეთი უყვარდებათ. თუმცა სიტუაციას ქეროლის ქმარი ართულებს. ის ცდილობს, ქალების რომანი სათავისოდ გამოიყენოს 5 წლის ქალიშვილზე მეურვეობის მისაღებად.

 

6. Bad Education/ცუდი აღზრდა, 2004 წელი

ესპანური კინოს ბუმბერაზის, პედრო ალმოდოვარის სურათი ენრიკესა და იგნასიოს ამბავს გვიყვება. ენრიკე რეჟისორია, რომელიც ახალი ფილმისთვის სიუჟეტს ეძებს. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში იგნასიო ჩნდება, რომელიც სკოლის მეგობრად გააცნობს თავს. ფილმის მოვლენები კაცების ბავშვობაში გვაბრუნებს, როცა ისინი კათოლიკურ პანსიონატში სწავლობდნენ. ფილმში წამოიწევა პედოფილიის საკითხიც. ამიტომ ვასაძის გარდა ამ სურათის ნახვას საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ვთავაზობთ.

7. Happy Together/ ერთად და ბედნიერად, 1997 წელი

გადავინაცვლოთ აზიაში, კერძოდ, ვესტუმროთ ჰონგ-კონგელ რეჟისორსა და ფერების ჯადოქარ ვონგ კარ-ვაის. მისი ფილმი მოგვითხრობს გეი-წყვილზე, რომელიც არგენტინაში მოგზაურობს. მათი მთავარი მიზანი იგუასუს ჩანჩქერის ნახვაა, ოღონდ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე შეყვარებულები ხან შორდებიან, ხან ისევ ურიგდებიან ერთმანეთს.
თუკი ბატონი ლევანი სურათის  შინაარსობრივი მხარით არ მოიხიბლება, ფილმის ნახვა მაინც ღირს, თუნდაც მისი ვიზუალისა და ოპერატორული ნამუშევრის გამო.

8. Call me by your name/ შენი სახელი დამიძახე, 2017 წელი

ლუკა გუადანინოს სურათი გვიყვება 17 წლის ელიოსა და 24 წლის ოლივერის სასიყვარულო ამბავს, რომლებიც 80-იანი წლების იტალიაში ვითარდება. ოლივერი ამერიკელი ებრაელი სტუდენტია, რომელიც ელიოს მამის მიწვევით მათთან დასასვენებლად ჩადის. თავდაპირველად ელიო თავს არიდებს ოლივერს, მაგრამ  ნელ-ნელა მისდამი ლტოლვა უჩნდება, რომელიც საზაფხულო რომანში გადაიზრდება. 
ვაფრთხილებთ ბატონ ლევანს, რომ  მზიანი იტალიის ხედებმა არ მოატყუოს. (სპოილერი) ვიზუალური სინატიფისა და იტალიური სილაღის მიუხედავად, ფილმის შემდეგ შესაძლოა, ტირილი მოგინდეთ. 


 9. Hedwig and The angry inch/ჰედვიგი, 2001 წელი

ამავე სახელწოდების მიუზიკლზე  გადაღებული ჯონ კემერონ მიტჩელის დრამა, რომელიც გვიყვება მოგონილ როკ-ჯგუფზე, რომლის სოლისტი აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩასული ტრანსგენდერი ქალი ჰედვიგ რობინსონია.
სიუჟეტი იწყება როკზე შეყვარებული აღმოსავლეთ გერმანელი ბიჭის ჰანსელ შმიდტის ისტორიით. ახალგაზრდა კაცი ამერიკელ ჯარისკაცს, ლუთერ რობინსონს ხვდება. ბერლინის კედლის იქით მოსახვედრად შეყვარებულები უნდა დაქორწინდნენ, მაგრამ ამ შესანიშნავ გეგმას ხელს უშლის კანონი, რომლის თანახმად, წყვილი უნდა შედგებოდეს ქალისა და მამაკაცისგან. ჰანსელი, დედის დახმარებით, მის სახელსა და პასპორტს იღებს, ასევე მისივე ხელშეწყობით იკეთებს სქესის შეცვლის ოპერაციას. ქირურგიული ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდება და ჰანსელ/ჰედვიგს ფეხებშუა თითქმის 3-სანტიმეტრიანი წანაზარდი დარჩება.
ამის მიუხედავად, ჰედვიგი და ლუთერი მაინც ქორწინდებიან და ამერიკაში გადადიან  საცხოვრებლად. წესით, აქ ზღაპარი კარგად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯარისკაცი  ტრანსგენდერ ქალს სხვა მამაკაცის გამო მიატოვებს, ამავდროულად დაინგრევა ბერლინის კედელიც.  თავზარდაცემული ჰედვიგი მდგომარეობიდან გამოსასვლელად თავით ეშვება მუსიკაში, ქმნის საკუთარ ბენდს და ნელ-ნელა იღებს თავის ახალ იდენტობას.


 10. Brokeback Mountain / კუზიანი მთა, 2005 წელი

ენგ ლის გეი-დრამის სიუჟეტი 1963-1981 წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ორ მამაკაცზე, ენისა და ჯეკზე, რომლებიც სეზონური სამუშაოს შესასრულებლად უაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე მიდიან, სადაც ცხვრების ფარის მწყემსობა ევალებათ. 
განმარტოებულ კაცებს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა ზაფხულის დადგომისთანავე მათ დაშორება მოუწევთ. თითოეული მათგანი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და  ქმნის ჰეტერო ოჯახებს. ამის მიუხედავად,  4 წლის შემდეგ ენის ჯეკისგან წერილი მიუვა. ნანატრი შეხვედრის შემდეგ კაცებს შორის რომანი განახლდება. ჯეკის თხოვნის მიუხედავად, ენისი მასთან ერთად ცხოვრებას არ თანხმდება. ამის მიზეზი კი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია და შიშია, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნა მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ.


სია შეგვიძლია, უსასრულოდ გავაგრძელოთ, მაგრამ ჯერჯერობით ბატონ ლევანს დავინდობთ და მხოლოდ ამ 10 სურათით შემოვიფარგლებით. 

4
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top