"პატრიარქს ვთხოვე, ხვალ თანხა უნდა მივიტანო, არ მაქვს, დამეხმარეთ მეთქი" - მეუფე იოანე გამრეკელი

ეს პერსონა

მიტოპოლიტმა იოანე გამრეკელმა რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში ბოლო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია II-სთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა. როგორც მან მრევლთან გამომშვიდობებისას აღნიშნა, პატრიარქმა მას ფნანსური დახმარება გაუწია, რაც მეუფისათვის ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა.

"ჩემს ცხოვრებაში იყო პრობლემა, მაშინ სტიქარში ვიყავი, არც ვიყავი ხელდასმული, ოჯახური პრობლემა მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც  არ მქონდა. მივედი პატრიარქს ვთხოვე, რომ ხვალ ან ზეგ ეს თანხა უნდა მივიტანო და არა მაქვს, დამეხმარეთ მეთქი. ხელფასი მქონდა საპატრიქრქოში, იქიდან დამიკავეთ და დავაბრუნებთქო. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. რომ გადმომცა, ვუთხარი, უწმინდესო, მე დავაბრუნებ ამ ფულს და მან მითხრა, შენთან რომ გაჭირვებული მოვა და დაეხმარები, მაშინ დაიწყებ ამ ვალის გადახდასო. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის, რომელიც პატრიარქმა ჩამიტარა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფემ ისტორიის დასასრულს აღნიშნა, რომ პატრიარქმა არაერთხელ უწყალობა როგორც მას, ისე სხვებსაც, თუმცა სხვებისგან ჯილდოს სახით ქრისტეს მსგავსად ჯვარცმა მიიღო. "არაერთხელ მიწყალობა სრულიად მოულოდნელად. გამიკვირდა, რატომ, რისთვის? მე ერთი ხომ არ ვიყავი, რამდენს წყალობდა პატრიარქი და დღესაც წყალობს. რამდენს მოუთმინა, შეუნდო და სანაცვლოდ რას ღებულობს, იმ ჯილდოს, რაც ქრისტემ მიიღო - ჯვარს ადამიანებისგან, ვისაც სიკეთე გაუკეთა. მაგრამ უფალმა თქვა, მიუტევე, არ იციან რას სჩადიან და ასე ამბობს პატრიარქიც", - განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს მრევლთან საკმაოდ ემოციური გამომშვიდობება ჰქონდა. თვალცრემლიან მრევლს თავადაც ცრემლით დაემშვიდობა მღვდელმთავარი. ემოციური იყო მისი ბოლო ქადაგებაც რუსთავის ეკლესიაში. ქადაგებისას მან გაიხსენა, რომ ბავშვობაში ხალხისთვის ოქროს დარიგების მიზნით, გეოლოგობა სურდა.

"როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი, ხშირად მესმოდა სიტყვა გეოლოგი. ვფიქრობდი, ვინ არიან ეს გეოლოგები და აღმოვაჩინე, რომ თურმე ოქროს ეძებენ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, გეოლოგი გავმხდარიყავი, ვიპოვი ოქროს და ხალხს დავურიგებ მეთქი ვფიქრობდი. მართლაც გავხდი, მაგრამ მივხვდი, რომ სულ სხვა ოქროზეა საუბარი. ოქრო ღვთის სიტყვაა და მე ჩემი ნატვრა ავისრულე, ღვთის სიტყვას თქვენ გინაწილებთ. თუ რომელიმე ადამიანს დავანახე ბრწყინვალება ღვთის სიტყვისა და სიყვარული ღვთისა, მისი წყალობა და მადლი, მადლობელი ვარ უფლის. თუ ვერ შევძელი, ესე იგი, ტყუილად ვმსახურობ და შენდობას გთხოვთ", - მიმართა მეუფე იოანემ მრევლს.

 

ასევე მეუფემ ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს უთხრა, რომ მისი კავშირი მრევლთან რუსთავიდან ფიზიკურად წასვლით არ სრულდება. “მე არ გემშვიდობებით, ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაკავშირებს და ეს არ მთავრდება".

მეუფე იოანემ რუსთავი 3 ნოემბერს დატოვა და ქუთაისში გაემგზავრა. შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უხელმძღვანელებს.

2
1
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top