ნიკი ჰეილი: ტილერსონი და კელი მიბიძგებდნენ, ტრამპს არ დავმორჩილებოდი

ეს პერსონა

გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, თეთრი სახლის შტაბის ყოფილი უფროსი, ჯონ კელი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი უბიძგებდნენ მას, ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებებს არ დამორჩილებოდა.
როგორც ჰეილი საკუთარ წიგნში „ With All Due Respect “ წერს, ტილერსონი და კელი არწმუნებდნენ, რომ ამ გზით „ქვეყნის გადარჩენას“ ცდილობდნენ.
„ეს იყო მათი და არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის საუკეთესო ინტერესებში იყო. ამბობდნენ ისინი“, - წერს ჰეილი.
გაეროს ყოფილი ელჩის თქმით, ტილერსონი არწმუნებდა, რომ ხალხი დაიხოცებოდა, თუკი პრეზიდენტს არ შეაფერხებდნენ. ჰეილიმ მათ უარი უთხრა, რადგან ეს თხოვნა „საშიშად“ და „შეურაცხმყოფლად“ ჩათვალა.
„პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრა საშიშია და კონსტიტუციის, ამერიკელი ხალხის სურვილების წინააღმდეგ მიდის“, - წერს ჰეილი.
ჰეილი თავის წიგნში წერს, რომ ტილერსონი და კელი პრეზიდენტთან უნდა მისულიყვნენ და არა მასთან, რათა თავისი აზრები ეთქვათ.
 თავად გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმით, ის ტრამპს რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდა. მან გაიხსენა 2017 წელს, ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრა, ასევე შარლოტსვილში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული განცხადებები. ამის მიუხედავად ჰეილი ეთანხმებოდა პრეზიდენტს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა.
 ტილერსონს ჰეილის განცხადებებზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია. რაც შეეხება ჯონ კელის, მან თქვა, რომ არ სურდა, პრეზიდენტი სრულად ყოფილიყო ინფორმირებული.
„თუ წინააღმდეგობაში და შეფერხებაში ჰეილი გულისხმობს შტაბის მცდელობას ტრამპს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე სცოდნოდა, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ ბრალს ვაღიარებ“, - უთხრა კელიმ CBS-ს.
ჰეილის წიგნს დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა წარწერით „წარმატებები, ნიკი!“.


წიგნი With All Due Respect ოფიციალურად სამშაბათს გამოდის.
ცნობისთვის, ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში დატოვა.
  

  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top