ზვიად კვაჭანტირაძე: რა ამბები ატეხეს? სად ნახეს აქ პორნოგრაფია? ცრემლიც მომერია არაერთხელ...

ეს პერსონა

პარტია “სამართლიანობისთვის" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ წერს. 

"უმრავლესობის დღევანდელი პოლიტიკური თაღლითობის მერე ზოგი იტყვის რა დროს ფილმიაო, მაგრამ ამაზეც არაერთხელ ვიტყვით და დავწერთ. სანახაობის ახალი სეზონი დღეს მხოლოდ გახსნეს.

ახლა კი მოკლედ ფილმზე. გუშინ ვნახე youtube- ზე. დღეს აღარ იძებნება... ალბათ დაბლოკეს.
რა გითხრათ? ძალიან, ძალიან სევდიანი ფილმია, მეგობრებო. ცრემლიც მომერია არაერთხელ. მთავარი როლის შემსრულებელი ბრწყინვალედ თამაშობს. სხვებიც კარგები არიან. ოპერატორი - ყოჩაღ! მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი. ფილმის შვედეთთან კავშირი ABBA -ს ცნობილი სიმღერით ვიგრძენი "If you change your mind, I'm first in line" :) .
რა ამბები ატეხეს? სად ნახეს აქ პორნოფრაფია? მე ვიტყოდი, რომ ეროტიკაც კი არაა. ერთი თუ ორი მოკლე სცენაა ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე. ამას აპროტესტებენ თუ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების საერთოდ არსებობას? რა სისულელეა !!!! სხვა ტელეარხებზე გაცილებით უფრო თამამი კადრები ჩნდება ყოველდღიურად და რა, ამისთვის რატომ არ კეტავენ ქუჩებს? აღარაფერს ვიტყვი ინტერნეტზე და იქ ჩამჯდარ ნახევარ საქართველოზე....

ფილმის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი გმირი მთელი გრძნობით, საკუთარი სულის ყივილს გადმოსცემს საგამოცდო, შესარჩევ ცეკვაში. ამ შესრულებაზე მისი მომავალი საცეკვაო კარიერაა დამოკიდებული და მას შეუძლია ეს ცეკვა უზადოდ, ყველა ორთოდოქსალური წესის დაცვით შეასრულოს, მაგრამ არა!!! იგი ცეკვავს ისე, როგორც მას მოსწონს, როგორც გრძნობს და მიაჩნია საჭიროდ ზუსტად იმ მომენტში, მენტორებზე და ციციკორეებზე გასამარჯვებლად! მისთვის ეს ცეკვა გახდა საშუალება ეჩვენებინა, რომ მას ისევე აქვს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლება, როგორც ყველა სხვას. ფილმის ავტორების, ჩემი აზრით
მთავარი სათქმელი, ვფიქრობ ცოტა ზედმეტად პირდაპირ იკითხება; ფილმის გმირს, მერაბს, რომელიც გეია, საკუთარი ძმა ეუბნება, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ ქვეყანაში არაა შენი ადგილი, აქედან უნდა წახვიდეო და ისიც, თვალცრემლიანი, თავს უქნევს და ეთანხმება....
კი მაგრამ,
სად უნდა წავიდნენ? რატომ უნდა წავიდნენ?
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავდებიან? ეს მოკლე დიალოგი ამ ფილმის ცოტა ხელოვნური კლიშეა, მაგრამ, შესაძლებელია საჭიროც კი, თუ ავტორებმა ასე ჩათვალეს..
მე კი ვიცი, კიდევ ერთხელ დამაფიქრეს და ამაცრემლეს ...
რა ქვეყანას ვაშენებთ, როგორს, ვისთვის, რისთვის.... რატომ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მართლა წუთია წუთისოფელი", - წერს კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მოგვიანებით კვაჭანტირაძემ პოსტი წაშალა და "ფეისბუქის" გვერდზე მიზეზიც განმარტა:

"გუშინ ჩემი აზრი დავწერე ფილმზე. ორი თუ სამი ჰომოფობიური კომენტარი ამ სტატუსს მაინც მოყვა. ვინაიდან დღეს სხვა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დღის წესრიგი დგება, ამ ფილმზე პოლემიკაში დღეს ვეღარ შევალ და უპასუხოდ რომ არ დავტოვო ასეთი კომენტარები დროებით შევინახავ მას და შეიძლება გვიან დავუბრუნდე."

 

2
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top