ლევან იზორია (45 წლის)
  • საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
  • 05 თებერვალი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დაამთავრა გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, პოლიტიკოსი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა საქართველოს მიერ სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენა და ახალი სარეზერვო სისტემის, როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ძირითადი კომპონენტის შემოღება. ასევე, მისი ინიციატივით განხორციელდა პროექტი „ჩვენი ჯარი“. ხშირად აღინიშნება ის ფაქტი, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო, დინამიკური და მასშტაბური ურთიერთობების ჩამოყალიბება და რიგი რეფორმების გატარება, რომელიც ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას ითვალისწინებდა. იზორიას თაოსნობით განხორციელდა შეიარაღებული ძალების უახლესი საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა. საქართველოს ისტორიაში, პირველად მოხდა ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვა და პროექტ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის განხორციელება. 
    თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, სწორედ იზორიას მინისტრობის პერიოდს უკავშირებენ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის მრავალი ფაქტის არსებობას, საბრძოლო ვაზნებისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ გაყიდვას. 
    3 წლიანი მუშაობის შემდეგ, 2019 წლის 3 სექტემბერს, იგი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უშიშროების საბჭოს მდივნად და დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნეს. 
    თავდაცვის მინისტრობამდე, იზორია, 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ხოლო შემდგომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 
    განსაკუთრებული ცნობადობა მას, პოლიციის აკადემიის რექტორობამ მოუტანა. იგი ამ პოზიციას 2004-2006 წლებში იკავებდა და სწორედ, მის სახელს უკავშირდება პატრულის სამსახურის რეფორმა საქართველოში და პროექტ „დაცული მოქალაქე-დაცული პოლიციელის“ განხორციელება. 
    იგი, პოლიტიკის პარალელურად აქტიურად ეწეოდა აკადემიურ მოღვაწეობასაც და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის აკადემიური მიღწევებით, ნამდვილად, გამორჩეული პოლიტიკოსია. იგი სამართლის დოქტორი და აღიარებული სპეციალისტია, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც. 

  • ჰყავს მეუღლე - ლანა მანჯგალაძე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ.წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი, საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი. 

ეს პერსონა
Top