ჯულიან ასანჟი (48 წლის)
  • "ვიკილიქსის" დამფუძნებელი
  • 03 ივლისი, 1971 წელი - დაიბადა ტაუნსვილში, ავსტრალიაში
  • 1994 წელს  ქუინსლენდის ცენტრალურ უნივერსიტეტში მათემატიკას, ფიზიკასა და პროგრამირებას სწავლობდა, თუმცა ხარისხი ვერ მოიპოვა. 

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია როგორც საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაციის - „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი. 16 წლის ასაკში, ის „მენდაქსის“ ზედმეტსახელით ჰაკერობას იწყებს.  ორ მეგობართან ერთად ჰაკერთა ჯგუფი -  „საერთაშორისო დამრღვევები“ ჩამოაყალიბა. ითვლება, რომ ის 1989 წელს, „ნასას“ წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობდა, თუმცა, თავად ასანჟი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. 
    „ვიკილიქსის“ ვებ-გვერდმა ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო, სადაც  ანონიმური წყაროებიდან მოპოვებული, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელი დოკუმენტები ქვეყნდება. ორგანიზაციამ საერთაშორისო ყურადღება 2010 წელს მიიპრყო, როდესაც ამერიკელი აქტივისტისა და ინფორმატორის, ჩელსი მენინგის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.  ჩელსი ამერიკული არმიის დაზვერვის ყოფილი სპეციალისტია, რომელმაც "ვიკილიქს" თითქმის 750,000-ზე მეტი კლასიფიცირებული და არაკლასიფიცირებული სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტები გადასცა.  ოფიციალური წყაროებიდან გაჟონილი ინფორმაცია მოიცავდა ისეთ სახელმწიფო საიდუმლო მასალებს, როგორიცაა: ბაღდათის საჰაერო თავდასხმა, რომელიც ამერიკელებმა 2007 წლის 12 ივლისს განახორციელეს; ავღანეთის ომის დღიური, რომელიც ავღანეთში ამერიკის სამხედრო მოქმედებების გამოაშკარავებას ემსახურებოდა; ერაყის ომის დღიური, რომელიც მოიცავს 2004-2009  წლებში ერაყის ომის დროს ამერიკის ჯარის მოქმედებებს. ყველაზე მეტი გამოხმაურება, სწორედ ერაყში ერთ - ერთი ოპერაციის დროს გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელიც უჩვენებს თუ როგორ გაუხსნეს ამერიკელმა სამხედროებმა ათობით ადამიანს ცეცხლი ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბანში, მათ შორის სამოქალაქო პირებს, რომელთაგან საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტიც იყო. ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ა.შ.შ-ის დიპლომატიური კორპუსის საიდუმლო ტელეგრამების(იგივე დიპლომატიური დეპეშა) გასაჯაროებას, რომელიც ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში იყო გამოგზავნილი მსოფლიოს სხვადსხვა ნაწილში მდებარე ამერიკის საკონსულოების, საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისგან.  ზემოთ ჩამოთვლილი საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნების გამო, ა.შ.შ -ის მთავრობამ „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 
    2010 წლის ნოემბერში, შვედეთმა ჯულიან ასანჟის დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა, მას შემდეგ რაც იგი ორმა ქალბატონმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ასანჟმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ბრალდების მიზანი მისი აშშ-ში ექსტრადირება იყო. ამის შემდეგ, ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. 
    2019 წლის 11 აპრილს „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დააკავა. მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ ასანჟი თავშესაფრის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მორენოს თქმით, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ეკვადორის საელჩოს იყენებდა „სხვა ქვეყნების დემოკრატიებში ჩარევისთვის. 2019 წლის 2 მაისს, ლონდონში გაიმართა პირველი მოსმენა ასანჟის ა.შ.შ-ში  ექსტრადიციის მოთხოვნით. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა ექსტრადაციის მომხრე, ასანჟმა უპასუხა, რომ მას არ სურს ფარ-ხმალის დაყრა და დანებება ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის დაცვა შეძლო. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა ხელი მოაწერა ასანჟის ა.შ.შ-ში ექსტრადიციის ბრძანებას. 

  • არის განქორწინებული. ჰყავს შვილი - დანიელი. მამა - ჯონ შიფტონი, მშენებელი და აქტივისტი, ხოლო დედა - ქრისტინ ჰოუკინსი, ხელოვანი. 

  • არის ავსტრალიის მოქალაქე
ეს პერსონა
Top