აკიჰიტო (85 წლის)
  • იაპონიის 125-ე იმპერატორი
  • 23 დეკემბერი, 1933 წელი - დაიბადა ტოკიოში
  • სწავლობდა გაკუსიუნის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თუმცა დიპლომი არ მიუღია. 

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსოფლიოს უძველესი იმპერიული ოჯახის წევრი და იაპონიის რიგით 125-ე იმპერატორი. აკიჰიტო საიმპერატორო ტახტზე 1989 წლის 7 იანვარს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. მისი მმართველობის პერიოდი(ჰეისეის ეპოქა) „მშვიდობის მიღწევით“ ხასიათდება. აკიჰიტომ განათლება იაპონიის იმპერიული ტრადიციების შესაბამისად მიიღო. მისი განმანათლებლები კერძო დამრიგებლები იყვნენ. 
    მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა იაპონიის საზოგადოებას დიდი ცვლილებები მოუტანა. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ იმპერატორთა უფლებამოსილება საგრძნობლად შემცირდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იმპერატორს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია. იმპერატორის პოლიტიკური როლი განისაზღვრება 1947 წლის კონსტიტუციით, რომელშიც იმპერატორი „ხალხის სიმბოლოდ“ იწოდება.  ამერიკული ოკუპაციის პერიოდში, აკიჰიტოს განათლების არეალი გაფართოვდა. მან ინგლისური ენისა და დასავლური კულტურის შესწავლა დაიწყო. მისი დამრიგებელი, ამერიკელი ელიზაბეთ გრეი ვინინგი იყო, რომელიც აკიჰიტოს მამამ თავად შეარჩია. 
    აკიჰიტოს მმართველობის პერიოდში, 1995 წელს, რადიკალური რელიგიური დაჯგუფების „აუმ სინრიკიოს“ წევრებმა ტოკიოს მეტროში მოაწყვეს თავდასხმა, ზარინის (ქიმიური იარაღი) გამოყენებით, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5000-მდე ადამიანი დაზარალდა. თანამედროვე ტერორიზმის მასშტაბებთან შედარებით ეს რიცხვი საკმაოდ მცირეა, მაგრამ ამ მოვლენამ იაპონელები შეძრა, რადგან ქვეყანაში მსგავსი თავდასხმები ძალიან იშვიათია. 2011 წელს ფუკუშიმაზე აფეტქება მოხდა. ამ მოვლენის შემდეგ, აკიჰიტომ მამამისის მსგავსად, რომელმაც კაპიტულაცია რადიოთი გამოაცხადა, იაპონელებს ტელევიზიით პირველად მიმართა და თავის გამოსვლაში ხალხისადმი თანაგრძნობა გამოხატა.
    მამამისის მსგავსად, აკიჰიტო გატაცებული იყო ოკეანოლოგიით და წლების განმავლობაში, იქთიოლოგიის მიმართულებით სპეციალიზირდა. მან დაწერა ნაშრომები ისეთი სამეცნიერო ჟურნალებისთვის, როგორიცაა „გენი“ და „იაპონიის იქთიოლოგიის ჟურნალი.“
    85 წლის აკიჰიტო ბოლო 200 წლის განმავლობაში იაპონიის პირველი იმპერატორი გახდა, რომელიც ტახტიდან ნებაყოფლობით გადადგა. მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა და მიზეზად თავისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

  • ჰყავს მეუღლე - მიჩიკო სიოდა და სამი შვილი. მამა - ჰიროჰიტო, იაპონიის რიგით 124-ე იმპერატორი, ხოლო დედა - ნაგაკო კუნი.

  • არის იაპონიის მოქალაქე
ეს პერსონა
Top