ირაკლი ღარიბაშვილი (37 წლის)
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი
  • 28 ივნისი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურები. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 

  • საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. იგი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც 2013 წლის 2 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა თავის შემცვლელად დაასახელა და საქართველოს მართვა ანდო. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ამოქმედდა კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები. მის სახელს უკავშირდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღება, „ვიზალიბერალიზაცია“, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, სოლიდარობის ფონდის შექმნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა წარმოება და ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირების განხორციელება. 
    მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ბევრს საუბროდნენ, რომ იგი გამოირჩეოდა ნეპოტიზმით და რომ, ის, ხშირად, მაღალ თანამდებობებზე საკუთარ ნათესავებს ნიშნავდა. სწორედ, მას ეკუთვნის ფრაზა - „ცოლის ნათესავი ჩემი ნათესავი არ არის“, რომელიც მან ამ ბრალდებების უარსაყოფად წარმოთქვა. ხშირად, ისმოდა მის მიმართ ხალხის კრიტიკა ლარის კურსის გაუფასურების გამოც. რადგან, სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება, ლარის ინფლაცია და ერთი დოლარის ღირებულების 1,67 ლარიდან 2,41 ლარამდე  გაზრდა. 
    ასევე, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მას გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ღარიბაშვილმა დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა, რასაც „ოცნების“ სახელისუფლებო კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა მოჰყვა. 
    პრემიერ-მინისტრობამდე, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც საპატიმრო 16 ათასამდე მსჯავრდებულმა დატოვა. ასევე, ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სოდ-ისა და კუდ-ის ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით განადგურდა 100-ზე მეტი კომპაქტური დისკი, რომელიც უკანონო თვალთვალის შედეგად, ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს შემცველი შეიცავდა.
    აქტიური პოლიტიკური კარიერის მიუხედავად, 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა 4 წელიწადში იგი კვლავ, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა და 2019 წლის 5 მარტს ჯერ პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა, შემდეგ, 3 სექტემბერს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ხოლო 8 სექტემბერს, უკვე პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადა და ოფიციალურად შეუდგა თავდაცვის მინისტრად მუშაობას. პოლიტიკურ წრეებში, ხშირად აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირია და რომ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება, სწორედ ივანიშვილის ინიციატივა იყო.

  • ჰყავს მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და 4 შვილი. მისი ერთ-ერთი შვილის ნათლია ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილია. ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი - თამაზ თამაზაშვილი პოლიციის გენერალ-მაიორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს და საქართველოს ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. ხშირად, საუბრობდნენ, იმის შესახებ, რომ თამაზაშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებთან და რომ, მისი სახელი ფიგურირებდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეშიც. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ბიძინა ივანიშვილთან...

  • პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, იგი მსხვილი ჩინური კომპანიის CEFC China Energy-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი გახდა. პოლიტიკაში წასვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი შპს (ლეიბლი) „ქართული ოცნების“ დირექტორი, „ბანკი ქართუ“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს გენერალური დირექტორი, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე და შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2006 წელს, ის საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. 

ეს პერსონა
Top