ლევან ვასაძე (49 წლის)
  • ბიზნესმენი
  • 20 დეკემბერი, 1970 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით. განათლების მიღება განაგრძო, აშშ-ში, ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რობერტო გოიზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლაში, სადაც მოიპოვა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის წოდება. სწავლობდა ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტში მინერალოგიას, სტრუქტურულ გეოლოგიას ამერიკულ ლიტერატურას და ასევე, ვაშინგტონის ჯოჯრტაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლასთან არსებულ უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში. 2006-2007 წლებში დაამთავრა მოსკოვის წმინდა ტიხონის მართმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. 

  • გეოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკაში, რუსეთსა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენი და მილიონერი. იგი საქართველოში შპს „ბაგრატიონი 1882“-სა და „სამოსელი პირველის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი. 
    ბიზნესმენობის პარალელურად, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. „ოჯახის სიწმინდის“ დამცველი, ქართული ადათ-წესებისა და ტრადიციების მოტრფიალე და მაღალი რელიგიური გრძნობებით აღსავსე ვასაძე აქტიურად იბრძვის ლგბტ თემის წინააღმდეგ. მან მოსახლეობას თავი განსაკუთრებით, 2019 წლის ივნისში, განვითარებული მოვლენების შემდეგ დაამახსოვრა, როდესაც ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ვერის პარკში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი „გამაგრდა“, ჯვარკომბლებით შეიარაღდა, შექმნა „სახალხო რაზმები“ და მოუწოდებდა ყველას უფლება არ მიეცათ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ჩატარებულიყო „თბილისი პრაიდი“, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის კორდონის გარღვევით და პრაიდის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით იმუქრებოდა. იგი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებდა და მისი ცნობილი ფრაზაც, „გამოგვიყავით მე და ბოკერიას ორკაციანი კამერა და ცოტა ხანს ნუ შემოიხედავთ შიგნით“ - ამ პროცესებიდან იღებს სათავეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციათა ნაწილი, სწორედ ვასაძეს ადანაშაულებდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაში, რუსეთის აგენტობაში და მათი მითითებების შესრულებაში. მსგავსმა ბრალდებებმა, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია მოსახლეობაში. თუ რამდენად აქვს ფარული კავშირი ვასაძეს რუსეთთან, ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ უდავოა, რომ მისი გამოსვლები ყოველთვის შეიცავს რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერას და დასავლეთის მიმართ უნდობლობას. შეგვიძლია გავიხსენოთ მოსახლეობის წინაშე მისი ერთ-ერთი გამოსვლა, რომლის დროსაც, გადაჭრით საუბრობდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება საბოლოოდ გამოიწვევდა აფხაზეთის დაკარგვას.
    პოლიტიკური და სოციალური აქტივობების პარალელურად, მაღალი რელიგიური გრძნობებისა და ქართული ტრადიციების დამცველი ვასაძე, თავისი ჩაცმულობითა და ლაპარაკის მანერითაც გამოირჩევა. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი რაინდის სტატუსითაც სარგებლოს, რომელიც 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მიანიჭა. იგი საქართველოში მონარქიის აღდგენის მოთხოვნითაც გამოდიოდა და მისმა მსგავსმა ქმედებებმა, საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოუტანა საზოგადოებაში. 

  • ჰყავს მეუღლე და 8 შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: გიორგი მარგველაშვილთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან...

  • დაინტერესებულია რელიგიითა და სპორტით, განსაკუთრებით რაგბით. ახალგაზრდობაში, თავადაც აქტიურად იყო ჩართული სპორტის ამ მიმდინარეობაში. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“.
  • საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა სოროსის სახელთან ასოცირებულ „საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში“ დაიწყო. თუმცა, მალევე ამერიკაში გაემგზავრა და განათლების მიღება გააგრძელა.  აშშ-შივე დაიწყო მუშაობა კომპანია Sector Capital, Creditanstalt Investment Bank-ში ფინანსურ მენეჯერად, მაგრამ საკუთარი კარიერის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა. 1995 წლიდან 2007 წლამდე იგი რუსეთში მოღვაწეობდა, თავდაპირველად კომპანია „ატონში“ დასაქმდა, სადაც ცნობილი რუსი ბიზნესმენი და შემდგომში მისი პარტნიორი სერგეი ევტუშენკო გაიცნო. მალევე, ის ევტუშენკოს კომპანია „სისტემაში“ გადავიდა, ჯერ კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ კი ფინანსურ მენეჯერად. მანვე გაიტანა წარმატებით „სისტემის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. იყო სადაზღვეო კომპანია „როსნოს“ აღმასრულებელი დირექტორიც. 2006 წელს იგი რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა. 2010 წელს, მან მოსკოვში საინვესტიციო ფონდი Prometeus capital partners-ი დაარსა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან ჩამოაყალიბა კომპანია შპს „ბაგრატიონი 1882“ და შპს „სამოსელი პირველი“. ასევე, არის კიკეთში „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელიც. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვასაძის გადაწყვეტილებით, ეს სკოლა სტიპენდიებს გასცემს მხოლოდ ბიჭებისთვის და გოგონებს, თავიანთი კუთვნილი სქესის გამო, არ აქვთ საშუალება მოიპოვონ დაფინანსება. 
    2013 წელს, ის „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. სწორედ, ამ ფონდმა მოამზადა 2 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერის“ ამოღებას მოითხოვდნენ და ასევე, აცხადებდნენ, რომ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ დასჯადი უნდა გამხდარიყო. 
    ასევე, იგი არის „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი, სამეურვეო საბჭოს წევრი, პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა თუ ესეების ავტორი. წერს ლექსებს, ძირითადად, საქართველოზე და რელიგიურ თემატიკაზე. 

ეს პერსონა
Top