გიორგი ისაკაძე (44 წლის)
  • ტელეწამყვანი, ეკონომისტი
  • 03 აგვისტო, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ბიზნესმედიის მთავარი წარმომადგენელი, გადაცემების „საქმიანი დილის“, „საქმის კურსის“, „ანალიტიკის“, „ქალების ნარატივის“, „ბიზნეს კონტაქტის“ ავტორი და წამყვანი. ასევე, ის არის ჟურნალ „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი, BMG-ის მმართველი პარტნიორი. 2019 წლიდან, თანამშრომლობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან და მიჰყავდა გადაცემა „FORBES-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“.
    როდესაც, გიორგი ისაკაძეზე და მედიასთან მის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი და Georgian Media Production Group-ის ხელმძღვანელიც იყო. სწორედ, ის იყო ერთ-ერთი მოწმე გარიგებისა, რომლის დროსაც მოხდა ბადრი პატარკაციშვილისთვის „იმედის“ ჩამორთმევა და არხის წილების გადანაწილება ჯოზეფ ქეისა და გიორგი ჯაოშვილს შორის. მისივე განცხადებით, საქმეში აქტიურად მონაწილეობდა დავით კეზერაშვილი, რომელსაც ტელეკომპანიის მიმართ საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი ჰქონდა. 
    გარდა, ბიზნეს მედიის სფეროში საქმიანობისა, მას საზოგადოება, როგორც „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ დამფუძნებლად და მის პირველ ვიცე-პრეზიდენტადაც, ისე იცნობს. ასევე, ბიზნეს წრეებში, ის ცნობილია, როგორც ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, შპს „თაჩ მედიის“ მმართველი პარტნიორი, შპს „ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი და საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ დამფუძნებელი. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მოგზაურობა და შვილებთან ერთად დროის გატარება. მისი საყვარელი მწერლებია: ვაჟა-ფშაველა, ჯონ სტეინბეკი, აკა მორჩილაძე. საყვარელი კომპოზიტორი: გია ყანჩელი. საყვარელი ფილმი: დევიდ დობკინის „მოსამართლე“. მისთვის ყველაზე ძვირფასია - დრო. ეშინია - უსუსურობის და მისი ყველაზე დიდი ნაკლი - სიფიცხეა, ხოლო ცხოვრების ფრაზა კი - „იჩქარე ნელა“.
  • მისი კარიერა 18 წლიდან იწყება. იყო გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მთავარი რედაქტორი, ანალიტიკური პროგრამა „საქმის“ ავტორი და წამყვანი. 21 წლის იყო, როდესაც მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა სახელმწიფო კანცელარიის მრჩევლად დანიშნა. ხოლო, 24 წლის ასაკში ეკონომიკის მინისტრმა - ვანო ჩხარტიშვილმა ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელობა ანდო. 2001-2002 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე გახდა საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებში. ასევე, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2004 წლიდან, კი ბიზნეს სფეროში გადაინაცვლა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორად. 2006 წლიდან არის საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ დამფუძნებელი, 2008 წლიდან საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღამასრულებელი საბჭოს წევრი. 2009 წლიდან, კვლავ მედიას დაუბრუნდა და „ბიზნეს მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი გახდა. ტელეკომპანია „მაესტროზე“ მან ჩამოაყალიბა ორი ბიზნეს გადაცემა „საქმიანი დილა“ და „ბიზნეს კონტაქტი“, რომელთა წამყვანობაც თავადვე შეითვისა. 2016 წლიდან, მან ტელეკომპანია დატოვა და ახალი გადაცემების მომზადებას შეუდგა. მისი ავტორობით შეიქმნა: „საქმის კურსი“, „ანალიტიკა“, „ქალების ნარატივი“. ისინი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გადიოდა. 2019 წელს, გიორგი ისაკაძემ თანამშრომლობა დაიწყო „რუსთავი 2“-თან. მიჰყავდა გადაცემა „FORBES-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“, რომელიც ჟურნალ „FORBES-ისა და „ბიზნეს მედია საქართველოს“ ერთობლივი ანალიტიკური პროექტი იყო. მედიაში და ბიზნეს სფეროში აქტიური მოღვაწეობის პარალელურად, იგი აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა და 3 წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში კითხულობდა ლექციებს. 

ეს პერსონა
Top