გიორგი კოპაძე (60 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 28 იანვარი, 1960 წელი - დაიბადა ქალაქ ახალციხეში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი (2014-2016 წ.წ.), ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დირექტორი, ახალციხის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე (1991-1995 წ.წ).

  • ჰყავს მეუღლე და შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გიორგი კოპაძე 1988 წლიდან „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ წევრი იყო. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და სამცხე-ჯავახეთის „თეთრი არწივის“ ბატალიონს ხელმძღვანელობდა. 1995 წლიდან კი „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ აქტიური მხარდამჭერი გახდა. იყო, ასევე „ახალი მემარჯვენეების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა და გარკვეული წლების განმავლობაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. სწორედ, კოპაძე მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად, 2013 წელს, სოფელ მოხეში ყოფილი სამლოცველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემას მოითხოვდა, სამლოცველოსი, რომელიც ერთ დროს მუსლიმ თემს ეკუთვნოდა. ასევე, ის სოფელ ჭელაში მართავდა აქციებს, მუსლიმი თემის წინააღმდეგ და საკმაოდ, დისკრიმინაციული გამოსვლებითაც გამოირჩეოდა. ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, 1 წელში ის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს, ხოლო 2 წელიწადში „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის წევრი და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე სიტყვაძუნწ კორესპოდენტად ასახელებდნენ ჟურნალისტები და „მდუმარე დეპუტატის“ სახელითაც კი მოიხსენიებენ, 2015 წელს გადაცემა „დიალოგში“ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მან „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ჯიმშერ გოგოლაური პატიმართა წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშუალა. ამ ბრალდებისა და პირადი შეურაცხყოფისთვის, გოგოლაურმა მას სასამართლოში უჩივლა, სამივე ინსტანციაში მოუგო და კოპაძე იძულებული გახდა, თავისივე განცხადების გამო საჯაროდ ბოდიში მოეხადა. მან ეს ტელეარხ „მე-9 არხის“ საშუალებით გააკეთა, არხისა, რომლის დამფუძნებელი და მმართველი, გასულ წლებში, თავადვე იყო. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top