ცირა ბარბაქაძე (54 წლის)
  • პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
  • 29 იანვარი, 1965 წელი - დაიბადა ხაშურში
  • 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ქართველური ენები, 2004 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭერმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების სრული პროფესორი. თუმცა, 2018 წლის სექტემბერში, იგი მოულოდნელად გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან ისე, რომ წინასწარ არც კი შეატყობინეს. ქალაქგარეთ მყოფმა, სტუდენტებისგან შეიტყო, რომ მის საგნებს ვეღარ ირჩევდნენ „არგუსში“.  მიზეზი კი ერთი იყო - მან კონკურსი ვერ გაიარა. მას მოხსნის ამბავი არც კადრების განყოფილებამ და არც კოლეგებმა არ შეატყობინეს. სწორედ ამის გამო მან დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ზოგადად, უნივერსიტეტის „აკადემიური“ ქცევის გამო.  განსაკუთრებით კი რექტორს, გიგა ზედანიას, დაუპირისპირდა და მრავალი უარყოფითი პოსტიც  მიუძღვნა ფეისბუქის საშუალებით. მის მხარდასაჭერად სტუდნეტებმა „პერფორმანსებიც“ მოაწყვეს და რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. ცირა ბარბაქაძე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში; ამიტომ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სკანდალურ ამბავს. სტუდენტები მას  ძალიან დადებით პიროვნებად და ძლიერ ლექტორად ახასიათებენ და თვლიან, რომ მისი ილიადან წასვლა იყო დიდი შეცდომა და  დანაკლისი უნივერსიტეტისთვის.
    ცირა ბარბაქაძემ მალევე დააარსა „რიტორიკის სკოლა“ და გააგრძელა საქმიანობა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.
    ცირა ბარბაქაძე  არის არაერთი კონცეპტუალური იდეის ავტორი. ერთ-ერთი ასეთია „პოეზიის აფთიაქი“, რომელიც შეიქმნა მისი სალექციო კურსის: „რა არის პოეზია, პოეტები და მუზები“-ის  ფარგლებში და გასცდა უნივერსიტეტის ფარგლებს;
    „პოეზიის აფთიაქმა“ მოიარა მთელი საქართველო - უნივერსიტეტები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კაფეები.... მთავარი იდეა იყო პოზიტიური პოეტური მესიჯებით ადამიანების განწყობილებების შეცვლა, ანუ როგორც ფრანგი ფარმაცევტი, ემილ კუე იტყოდა, პოეტური აფირმაციებით „განკურნება“; ეს მოძრაობა ნაკარნახევი იყო სტუდენტთა (და არა მარტო) დეპრესიული და დათრგუნული მდგომარეობით და მის  შესაცვლელად;  „პოეზიის აფთიაქი“ დღემდე აგრძელებს თავის აქციებს და მას სხვადასხვა უნივერსიტეტებიდანაც შემოუერთდნენ შემოქმედი სტუდენტები.

    ძალიან „გადამდები“ გახდა აგრეთვე სოციალურ ქსელში ცირა ბარბაქაძის მიერ წამოწყებული ენობრივი თამაშები, რომლებიც იმდენი დაგროვდა, რომ ცალკე წიგნადაც გამოიცა („ყველაფერი (თ)ამაშია“, 2018 წ.) და ის არის პირველი ტვიტერატურული კრებული საქართველოში; ახალგაზრდობამ აიტაცა მისი ფრაზები და იწერენ მაისურებზე, იქარგავენ ჩანთებზე...  მაგალითად: „კედელს ცერცვი შევაყ(ვ)არე“, „ყველაფერი (დ)ახსნაშია“, „აბა, ვის სჭირს (ტრ)ფობია?“, „უშენობის გადატანა - 25 60 60“ , „წერე, წერე, (შეი)შალე, (შეი)შალე“ და სხვა;
    იგი სოციალური ქსელების, საკმაოდ, აქტიური მომხმარებელია, ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესს და საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს;

  • ჰყავს მეუღლე და ვაჟი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამბობს, რომ სამყარო ისეთია, როგორსაც უყურებ, სრულყოფილია... ზედმეტსახელად, საკუთარ თავს პოეტ ფარმაცევტს უწოდებს. ეშინია - მხოლოდ შიშის, შურს - მათი, ვინც არ დაიბადა, ემალება- ცხოვრებას, აინტერესებს - ახალი ტექნოლოგიები, დარდობს - შემოდგომაზე ხიდან ჩამოცვენილი ფოთლებზე ...
  • იგი, წერს ბლოგებს,  ძირითადად,  განათლების საკითხებზე, ეხმიანება გარშემო არსებულ პრობლემებს,  სწავლა-სწავლების საკითხებს, ბავშვთა ფსიქოლოგიას და ა.შ.; ავტორია 6 პოეტური კრებულისა: „ტკივილიდან რწმენამდე“, „გამოაღეთ სარკმელი“, „დუმილის ა(მ)ბები“, „უცხოქალაქი“, „დღე-სასწაული“, „ყველაფერი (თ)ამაშია“;
    ცალკე უნდა აღინიშნოს ცირა ბარბაქაძის სამეცნიერო საქმიანობა; მან პირველად დააარსა საქართველოში მეცნიერების ახალი მიმართულების, სემიოტიკის, კვლევითი ცენტრი ილიას უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა მას 2006-2018 წლებში; დააარსა სემიოტიკის ყოველწლიური კონფერენციები; სულ ჩატარდა 9 კონფერენცია საქრთველოში და მის ფარგლებს გარეთაც; არის  სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი;
    სამეცნიერო წიგნები:
    სემიოტიკური წარ(მო)დგენა (2017 წელი)
    სიყვარულის მეტაფორები (2017 წელი)
    სემიოტიკური წიგნიერება (2015 წელი, მასწავლებლის წიგნი, ავტორთა კოლექტ)
    იპოვე შენი მეტაფორა (2015 წელი)
    პოეზიის სემიოტიკა (2009 წელი)
    ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა (2003 წელი)
    ფუნქციური სტილისტიკა - ქართული საკანონმდებლო სტილი (1996);
    სხვაადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის გამგე (სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) ფაკულტეტის დეკანი, ილიაუნის სენატის წევრი.

     

ეს პერსონა
Top