რონალდინიო გაუჩო (39 წლის)
  • ვეტერანი ფეხბურთელი
  • 21 მარტი, 1980 წელი - დაიბადა პორტუ-ალეგრეში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც  შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. რონალდინიომ კარიერის უდიდესი ნაწილი ისეთ ევროპულ კლუბებში ითამაშა, როგორიცაა საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი - „პარის სენ-ჟერმენი“,   ესპანური საფეხბურთო კლუბი - „ბარსელონა“ და იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“. ამისდა პარალელურად, ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრებშიც თამაშობდა. რონალდინიო ხშირად მოიხსენიება მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. მან ორჯერ მიიღო ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ოქროს ბურთი. რონალდინიო ცნობილი იყო თავისი ტექნიკური უნარ-ჩვევებითა და შემოქმედებით; ასევე ხრიკების გამოყენებით, უშეცდომო პასებითა და თავისუფალი დარტყმების სიზუსტით.
    7 წლის ასაკში რონალდინიო შევიდა საფეხბურთო სკოლა „ლანჟენდოკში“. სწორედ აქ შეარქვეს მეტსახელი „რონალდინიო“, რაც „პატარა რონალდოს“ ნიშნავს. 
    რონალდინიოს კარიერა „გრემიოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშით დაიწყო. 2001 წელს რონალდინიოთი დაინტერესდა ლონდონის „არსენალი“. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა ვერ მოახერხა სამუშაოზე ნებართვის აღება, რადგან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არასაკმარისი რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული. იმავე წელს, რონალდინიომ ფრანგულ კლუბ „პარის სენ-ჟერმენთან“ ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პირველ სეზონში მიღწეული წარმატების მიუხედავად, რონალდინიოს კლუბის მენეჯერთან, ლუის ფერნანდესთან დაპირისპირება მოუვიდა. მენეჯერის მტკიცებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზის ღამის ცხოვრებაზე უფრო მეტად იყო ფოკუსირებული, ვიდრე ფეხბურთზე. მიუხედავად ამისა, რონალდინიომ 2002-03 წლის სეზონში თამაში განაგრძო.  სეზონის დასაწყისში მაისურის 21 ნომერი შეცვალა 10-ით. სეზონის დასასრულს, რონალდინიომ განაცხადა, რომ იგი მზად იყო კლუბი დაეტოვებინა, რადგან იგი ევროთასებზე ვერ გავიდა.
    ამის შემდგომ გადადის „ბარსელონაში“ სათამაშოდ. სეზონის დასრულების შემდეგ რონალდინიო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს. 2008 წლის 15 ივნისს რონალდინიო იყიდა იტალიურმა „მილანმა“. მილანის კლუბმა „ბარსელონას“ 21 მლნ ევრო გადაუხადა. პირველი სეზონის განმავლობაში „მილანში“ რონალდინიომ გამართა 36 მატჩი და გაიტანა 10 გოლი.  2010 წლის 30 დეკემბერს „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ თქვა: „რონალდინიო „მილანიდან“ იანვარში წავა. ახლა მას არ სურს გუნდთან ერთად ვარჯიში იმიტომ, რომ თავს მის ნაწილად ვეღარ გრძნობს“.
    2011 წლის 10 იანვარს რონალდინიო „ფლამენგოში“ გადავიდა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010 წლის 29 ოქტომბერს რონალდინიო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
    2018 წლის 16 იანვარს, რონალდინიომ ფეხბურთიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
    რონალდინიოს მოიხსენიებენ როგორც „ჯადოქარი პორტუ ალეგრიდან“, „მეფე  ფეხბურთის ტექნიკურობისა და სილამაზის ეტალონი“. ფეხბურთის ისტორიაში რონალდინიო ჩაიწერა „ფეხბურთელი, რომელმაც მილიონობით ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი“.

  • არ არის დაქორწინებული. ჰყავს შვილი - ჟუანი. სახელი გარდაცვლილი მამის საპატივცემულოდ დაარქვა. დედა - დონა მიგუელინა, რომელიც გამყიდველად მუშაობდა, ხოლო მამა - ჟუან და სილვა მორეირა ნავსაშენზე მუშაობდა. გარდაიცვალა, როცა რონალდინიო 8 წლის იყო. რონალდინიოს ძმა, რობერტო მისი აგენტია. ხოლო და, დეიზი, მედიასთან  კომუნიკაციის კოორდინატორად მუშაობს.
     

  • არის ბრაზილიის მოქალაქე
ეს პერსონა
Top