ეს მთავარი თემა დღის: 08 ნოემბერი, 2019

პრემიერა პროტესტის ფონზე - ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დღეს გაიმართება

ეს პერსონა

თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა რამდენიმე საათში დაიწყება. ფილმის ჩვენება პროტესტის ფონზე გაიმართება. "ქართული მარში" ასევე, ლევან ვასაძე და მისი მიმდევრები ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. 

"ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას. ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა", - განაცხადა მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე. 

"ქართული მარშისგან" განსხვავებით, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, ფილმის ჩაშლის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გააცნო.

"თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას" - განაცხადა ვასაძემ. 

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

მუქარის ფონზე განსაკუთრებულად  მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც. როგორც უწყებაში განაცხადეს,  სამართალდამცავები საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. 

საპატრიარქო ფილმის ჩვენების წინააღმდეგია. მათი განცხადებით, აღნიშნული ცოდვის ლეგალიზებას ემსახურება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ სინოდის სკანდალური სხდომის შემდგომ, მსგავსი ხასიათის ფილმის ჩვენება ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაა. 

საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა გატარდეს პროაქტიული პრევენციული ღონისძიებები. მისი თმით,  მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ უზრუნველყოს როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა დღეს  მხარდაჭერას გამოუცხადა ფილმის  შემოქმედებით ჯგუფსა და კინოთეატრებს.

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა "ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.  სამდღიან სეანსებზე დასასწრები, ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.

 

 

კომენტარები
ეს პერსონა
Top